აშშ-ის საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის 506 000 დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, კელი დეგნანი მონასტერს ეწვევა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი დღეს ჯვრის მონასტერს ეწვევიან, რათა აღნიშნონ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, 2020 წელს გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან მიიღო 506,000 აშშ დოლარის დაფინანსება ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის.

ჯვრის ტაძრის დათვალიერების შემდეგ, ელჩი კელი დეგნანი ეწვევა ჩუბინაშვილის ცენტრს, სადაც მას და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ლევან ხარატიშვილს პროექტის დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენენ.

„საუკუნეთა განმავლობაში მცხეთის ჯვრის ტაძრის სამშენებლო მასალამ საგრძნობი დაზიანება განიცადა ქარის, ნალექებისა და ბიოლოგიური მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა და თანდათან უარესდება. ამ პროცესის შესაჩერებლად და მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის უზრუნველსაყოფად გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა პროექტი მოამზადა და აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსება $ 506 000 ოდენობით მიიღო.

გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც ხორციელდება აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი.

2019 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება – 100 000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისთვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. ამ სამუშაოებში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მერი ქეი ჯუდი, დამოუკიდებელი ექსპერტი აშშ-ის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაციიდან. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

2020 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $ 506 000 მისი მეორე ეტაპისთვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023).

მცხეთის ჯვრის სულიერი, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა კარგად არის ცნობილი. ეს ადგილი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების პირველივე წლებთან. აქ აღმართული ჯვარი მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილ სიწმინდეს წარმოადგენდა. ტაძარი, რომელიც უფრო მოგვიანებით, მეექვსე საუკუნის ბოლოს აიგო, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესი ნიმუშია. მცხეთის ჯვარი არის იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რაც ზრდის მის საერთაშორისო მნიშვნელობას.

საკონსერვაციო პროექტის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ამ სამუშაოებმა უნდა აღმოფხვრას არსებული პროგრესირებადი საფრთხეები და უზრუნველყოს შენობის ქვის წყობის ხანგრძლივი მდგრადობა და მთლიანობა. მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

 

 

წყარო:პირველი არხი

კომენტარები