აშშ-ის საელჩო: „სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ“

-„გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან, ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე.

ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია”, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

შემოგვიერთდით ხვალ, 13 მარტს, 14:00 საათიდან, საელჩოს ფეისბუქის გვერდზე”,  – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, საქართველოში, სასკოლო არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მთავრობა მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები