აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში კორონავირუსით  42 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში კორონავირუსით  42 წლის ქალი გარდაიცვალა. 

-„დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ის კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.

დღეს დაფიქსირდა 42 წლის ქალის გარდაცვალება. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა. მსუბუქი პაციენტი, გამოხატული კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა. გვიან საღამოს ოჯახის წევრები და ჩემი კოლეგებიც ესაუბრნენ, თუმცა კლინიცისტებისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, ეს იყო თრომბოემბოლიური გართულებებით გამოწვეული შემთხვევა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქალი კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბრიდან იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები