აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80-ით გაიზარდა – აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი  გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 80-ით გაიზარდა. ეს რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

დღის განმავლობაში დაახლოებით 3,000 ადამიანი იტესტება. ყველაზე დიდი კლასტერი აჭარაში საკონდიტრო ქსელ „დონას“ უკავშირდება. ათეულობით პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

რამდენიმე შემთხვევა ჯერ კვლევის ფაზაშია. 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ ღონისძიებებთან არის  დაკავშირებული, – საქორწინო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება, 22 შემთხვევაში პირველი წყარო არ არის  აღმოჩენილი, 7 სამედიცინო დაწესებულებთან დაკვშირებული შემთხვევებია, 3 „ხოფას“ სავაჭრო ქსელთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე კერძო პატარა ბიზნესებში მომუშავე ადამიანები. დღე-ღამის განმავლობაში 2700-მდე ტესტი იყო ჩატარებული, კარვებიდან და პოლიკლინიკებიდან კი 2185 ტესტი.

ტურისტული სეზონის მილევასთან დაკავშირებით, ბულვარში განთავსებულ კარვებში მიდინება საგრძნობლად კლებულობს, ამიტომ ისინი თავის ფუნქიონირებას წყვეტენ, რჩება მხოლოდ კარვების 2 ლოკაცია, „ხოფის“ სავაჭრო ცენტრთან და ავტოსადგურთან. მთავრობის ადმინისტრაციაში 1 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, ახალი კერები არ გაჩენილა“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

-„რაც მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების საშიშროება.

ახლა გვაქვს გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი, ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანების იზოლაცია ხდება, რის შედეგადაც გავრცელების მაქსიმალურ პრევენციას ვახდენთ.

158 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 87 გახლავთ აჭარიდან, 28 – სამეგრელო, 19 – იმერეთი, 6 – გურია, 18 კი თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს.

ამ რიცხვმა, 158-მა არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ. პირიქით, თვითრეგულაცია უნდა გავამკაცროთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, შევინარჩუნოთ დისტანცია, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენის წესები.

მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განახორციელეს, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ და ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ისევე როგორც ცაგერი. ტარდება აქტიური ზომები იმერეთსა და სამეგრელოში. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა, და ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ სწორედ ამას მივყავართ დაავადების ლოკალიზაციისკენ. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამედიცინო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის და, შესაბამისად, დროული რეაგირების შედეგად სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორიც აქამდე იყო“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები