„ახალი გაიდლაინი – კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თუ სამი დღე უსიმპტომოა, საავადმყოფოდან 10 დღის შემდეგ ტესტირების გარეშე გაეწერება, რადგან ვირუსი გადამდები აღარ არის“ – თენგიზ ცერცვაძე

-„ახალი გაიადლაინის მიხედვით, კორონავირუსისგან შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათი პლუს სამი დღის შემდეგ, გადამდები აღარ არის.

 ეს ახალი გაიდლაინი საქართველოს არ მოუგონია, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია.

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად შეიმუშავეს ეს რეკომენდაცია. ვალდებული ვართ, შევასრულოთ. მათ სერიოზული გამოკვლევებით დაადასტურეს, – კოვიდით შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათს პლუს სამი დღის შემდეგ გადამდები აღარ არის, მას შეიძლება ჰქონდეს პნევმონია, ან თრომბოემბოლია, მაგრამ, მიიჩნევენ, – ის გადამდები არ არის. ამიტომ ოფიციალურად, მსოფლიომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ 10 დღის გასვლის შემდეგ, თუ სამი დღე პაციენტი უსიმპტომოა, ის გაიწეროს ტესტირების გარეშე, საქართველო ამას შეუერთდა ყველაზე ბოლოს, რადგან ვფრთხილობდით“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ორი აჭარაში, 0  70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. 88 წლის ქალბატონი, თერჯოლაში გარდაიცვალა, ერთი თბილისში, 83 წლის.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან  აჭარაში  259 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში – 111, იმერეთში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25 , გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში – 5-5, შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები