„ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა – ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის“ – იტალიელი ექიმი

-„ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა, ამიტომ მინდა გავაგებინო ადამიანებს, რას განვიცდით ამ პანდემიურ დღეებში.
მესმის, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ ვკრთები, როდესაც ადამიანები ჩივიან, რომ სპორტდარბაზებში ვეღარ დადიან და ვერც საფეხბურთო ტურნირებს ესწრებიან.
შესაძლო ეკონომიკური ზარალის მასშტაბებსაც ვაცნობიერებ, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ის ზარალი, რაც შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს მთელ ქვეყანაში.
COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა.
გასულ კვირაში გაოცებული ვაკვირდებოდი მთელი ჩვენი საავადმყოფოს რეორგანიზაციას, როდესაც მტერი (COVID-19) ჯერ კიდევ არ იყო ესოდენ მოძლიერებული. პალატებს ახალი პაციენტებისთვის ათავისუფლებდნენ, ხოლო რეანიმაციას აფართოებდნენ. მიმღები განყოფილება ისე გადააკეთეს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი შემცირებულიყო. დერეფნებში სიურრეალისტურმა სიცარიელემ და დუმილმა დაისადგურა. თითქოს ომისთვის ვემზადებოდით, ოღონდ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, რაოდენ სასტიკი იქნებოდა ის.
კორონავირუსთან ბრძოლისთვის წამლები ცოტაა. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი მთავარი იმედი იმაშია, რომ ორგანიზმი ვირუსს თავად გაანადგურებს. კორონავირუსი საკმარისად შესწავლილი არ არის, თერაპია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენება — ღრმად ექსპერიმენტული ხასიათისაა.
მაპატიეთ, მაგრამ, როგორც ექიმი, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტები მარტო ხანდაზმული და პათოლოგიების მქონე ადამიანები არიან… როდესაც რეანიმაციაში სუნთქვის აპარატზე ან ECMO-ზე მიერთებულ ახალგაზრდებს ხედავ, სიმშვიდე, რომ კორონავირუსი მხოლოდ მოხუცებს ემართება, უკვალოდ ქრება.
სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ კორონავირუსისა არ ეშინიათ, თავი მოაქვთ, რომ ჰიგიენის წესებს არ იცავენ, აპროტესტებენ შეზღუდვებს, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ფაქტს ვერ აბათილებს.
ჩვენ აღარ გვყავს არც ქირურგები, არც უროლოგები და არც ორთოპედები — დღეს ყველანი ექიმები ვართ, ერთიანი გუნდი, რომელიც ერთად უნდა შეებრძოლოს მოვარდნილ ცუნამს.
რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს ოქროს ფასი აქვს. გეგმიური ოპერაციები უქმდება. საოპერაციოები რეანიმაციულ განყოფილებებად გადაკეთდა.
ექიმებს ქანცი გამოეცალათ. მუშაობის გრაფიკი და ცვლები აღარ არსებობს. უკვე ხშირად ვხედავ ატირებულ მედდებს — ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის.
დიდი ხანია ოჯახის წევრები, შვილი არ მინახავს. მეშინია არ დავაინფიცირო. ინტერნეტით ვურთიერთობ მათთან…
ნუ აღშფოთდებით იმის გამო, რომ თეატრში, კინოში თუ ტრენაჟორების დარბაზში წასვლა არ შეგიძლიათ. ძალიან გთხოვთ, დაგვიჯერეთ ექიმებს: შეეცადეთ შინიდან მხოლოდ მაშინ გახვიდეთ, როცა ეს უკიდურესად საჭიროა, გუნდ-გუნდად ნუ გავარდებით მაღაზიებში პროდუქტების მოსამარაგებლად — ეს კიდევ უარესია, რიგებში ინფიცირებულებთან კონტაქტის დიდი რისკი არსებობს.
სთხოვეთ თქვენს მოხუც მშობლებსა და ნათესავებს, არ გავიდნენ შინიდან. თავად მიაწოდეთ საკვები”, – წერს იტალიაში, ბერგამოს საავადმყოფოს Humanitas Gavazzeni e Castelli ქირურგი დანიელე მაკინი.
კომენტარები