„ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ   სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:

„ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევეში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

„შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს არის. მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“.

14 ოქტომბერს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სვეტიცხოვლობა აღინიშნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

 

კომენტარები