ბადრი ესებუას ძმას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ბრალდებული, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

-„სასამართლომ ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ის ბადრი ესაბუას საქმესთან ერთად გააერთიანა.

სამწუხაროდ ხორციელდება ზეწოლა ამ პირზე, -ჩაბარდეს პოლიციას მისი ძმა. ამ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარღვევა. გრძელდება ის, რომ სასამართლომ კვლავ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ეს მოკლებული ყოველგვარ საფუძველს. არცერთი გონიერი ადამიანი, როდესაც ხორციელდება მისი ოჯახის თვალთვალი მსგავს საქციელს არ ჩაიდენს. ჩვენი შუამდგომლობა იყო, არ შეეფარდათ აღკვეთის არცერთი სახე, თუმცა მივეცით სასამართლოს იმის შესაძლებლობაც, ალტერნატივის სახით დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ ჩვენი არცერთი პოზიცია არ გაიზიარა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“, – განაცხადა ბიძინა ესებუას ერთ-ერთმა ადვოკატმა,  იოსებ ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა  2021 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა – 1982 წელს დაბადებული ბიძინა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები