ბადრი ქობალავა: ჰუმანიზმი ბრძოლის ველზე

აშკარაა, რომ ჰუმანიზმი მედიცინის საფუძველია. მკურნალობის პროცესი ადამიანისათვის დახმარების გაწევის, ტანჯვის შემსუბუქების ან სიკვდილისაგან ხსნის აქტია.

საბრძოლო ბატალიების დროს დაჭრილ ჩვენს ჯარისკაცებს რომ სწრაფი, ადექვატური და მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობა სჭირდება, არავისთვისაა სადავო, მაგრამ როგორ მოვექცეთ სამხედრო ტყვეებს, მითუმეტეს, თუ მათაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ? ომით გამწვეული რესურსების დეფიციტის პირობებში, სამხედრო ტყვეებზე ზრუნვა შეიძლება ლოჯისტიკურად და ეკონომიკურად მეტად არახელსაყრელი ან ძალიან სარისკო აღმოჩნდეს.

ქრისტიანობას ამაზე მკაფიო პასუხი გააჩნია: „გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით (მათე 5:440). „ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს“ (ლუკა 6:27).

დღეს სამხედრო ტყვეებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები იცავს, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ იყო. XIX საუკუნის ჩათვლით, ჩვეული პრაქტიკა იყო სამხედრო ტყვეეების დახვრეტა…

 

1815 წლის 18 ივნისს გაიმართა ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა, როდესაც მისი „უძლეველი“ არმია ინგლისის, ნიდერლანდებისა და პრუსიის ალიანსმა დაამარცხა.

სამხედრო ტყვეებს შორის იყო ექიმი ლარეი. იგი თავსა და მხარში იყო დაჭრილი და როგორც ყველა სამხედრო ტყეს, მასაც სიკვდილი ელოდა…

ბარონი ჟან დომინიკ ლარეი იყო სახელგანთქმული ფრანგი ექიმი, ნაპოლეონის არმიის მთავარი სამხედრო–საველე ქირურგი, მედიცინის ეროვნული აკადემიისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მას ეკუთვნის სამხედრო-საველე ქირურგიის არაერთი ინოვაცია, რომელთა შედეგად მნიშვნელოვნად შემიცირდა დაჭრილ ჯარისკაცთა სიკვდილობა. ყველაზე ცნობილია სასწრაფო დახმარების კარეტის შემოღება და დაზარალებულთა დახარისხება ადექვატური და მაქსიმალურად ეფექტური დახმარების გაწევის მიზნით (ტრიაჟი).

ტყვედ ჩავარდნილი ლარეი შემთხვევით იცნო ერთმა პრუსიელმა ოფიცერმა, რომელიც მის ლექციებს ესწრებოდა ბერლინში. ლექციები სამხედრო-საველე ქირურგიის აქტუალურ საკითხებთან ერთად, მის, იმ დროისათვის, უჩვეულოდ ჰუმანურ ეთიკურ პრინციპებსაც ეძღვნებოდა. მან გაიხსენა, რომ ექიმი ლარეი ყველა პაციენტს ერთნაირად ეპყრობოდა, განურჩევლად ეროვნებისა თუ მოქალექეობისა, მათ შორის მტრის ჯარისკაცებსაც. იგი ბევრს მუშაობდა ამ პრინციპების დანერგვასა და გავრცელებაზე.

მოულოდნელად, ტყვე ლარეი გამოიყვანეს საპატიმროდან და პრუსიის არმიის მთავარსარდალთან – ბლუხერთან გაამგზავრეს. გენერალმა ექიმი დიდი პატივით მიიღო და ვახშმადაც დაპატიჟა. იგი გაამგზავრეს ქ. ლიოვენში, სადაც გაათავისუფლეს.

აღმოჩნდა, რომ ორი წლით ადრე, ლარეიმ გადაარჩინა და უმკურნალა გენერალ ბლუხერის დაჭრილ ვაჟს, რომელიც ფრანგებს ჩაუვარდათ ტყვედ და დახვრეტას უპირებდნენ.

ლარეი მისივე ჰუმანიზმმა იხსნა ისევე, როგორც ცნობილ ანდაზაშია –  „მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო“. მან ადამიანური სახე დაუბრუნა პირქუშ სამედრო-სამედიცინო სამსახურს და თანამედროვე სამხედრო ქირურგთათვისაც მისაბაძ პიროვნებად ითვლება.

ბარონი ჟან დომინიკ ლარეი (1766-1842)  https://images.app.goo.gl/PECHCbWPcReXRin28

ბადრი ქობალავა, „ავერსის“ კლინიკის ქირურგი

 

კომენტარები