„ბავშვების მონაცემების დასაცავად საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ მიღებული ზომები, არ არის საკმარისი: მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების უმეტესობა“

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია:

-„2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების 30 შემთხვევა შეისწავლა. სამსახურმა გამოავლინა 20 სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევ პირებს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მონაცემთა დამმუშავებლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო 35 დავალება და ხუთი რეკომენდაცია.

მონაცემთა დამუშავების პროცესები შემოწმდა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც მუშავდება დიდი მოცულობის ან/და სენსიტიური მონაცემები ბავშვების შესახებ. მათ შორის, სამსახურმა შეისწავლა საჯარო და კერძო სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ მონაცემთა დამუშავების რამდენიმე პროცესი.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, – ბავშვების მონაცემების დასაცავად საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ მიღებული ზომები, არ არის საკმარისი: მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების უმეტესობა არასრულწლოვანთა მონაცემებს ინახავს ელექტრონულ სისტემებში და არ აკონტროლებს, ვის, როდის, რა მიზნითა და მოცულობით აქვს წვდომა მათზე. ასობით პირის თავისუფალი და შეუზღუდავი წვდომა არასრულწლოვანთა მონაცემებზე ქმნის მათი არაუფლებამოსილი პირისთვის გამჟღავნების ან/და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების საფრთხეს; ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა დამმუშავებლებს არ აქვთ განსაზღვრული არასრულწლოვანთა მონაცემების შენახვის ვადები. ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვა შეიძლება, განსაკუთრებით საზიანო იყოს არასრულწლოვანი პირებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე; დაფიქსირდა კანონით აკრძალულ სივრცეში, კერძოდ, სკოლის ჰიგიენის ოთახებში ვიდეოთვალთვალი, ასევე, ინფორმირების წესების დარღვევა ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე; ასევე, დაფიქსირდა სოციალური მუშაკის მიერ საკუთარი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გასაჯაროების ფაქტი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გარემოება, რომ დაწესებულებები, რომლებიც ბავშვთა მონაცემებს ამუშავებენ, მოტივირებულნი არიან, რომ გააუმჯობესონ მონაცემთა დამუშავების პროცესები და ამ მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ სამსახურთან როგორც უშუალოდ მონაცემთა დამუშავების შესწავლის პროცესში, ასევე მონაცემთა დამუშავების პროცესის შესწავლისა და სამართლებრივ აქტებზე რეკომენდაციების გაცემის თხოვნით მომართვის გზით. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემურ გაუმჯობესებას“.

კომენტარები