„ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, წერილები, მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმაოდ ბევრი შეგროვდება, წიგნად გამოვცე“-ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,  ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

-„ყველას გილოცავთ ბარბარობას, ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე მაგალითია მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულების, ქრისტიანული რწმენისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს,  გახსნას გული და გონება ჩვენი ახლაგაზრდებისა, ჩვენი ხალხისა. ღვთის გარეშე არაფერი ხდება. უფალს უნდა სთხოვონ, სიმშვიდე იყოს.

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა. არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა დალოცოს თვისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და პოვოთ. აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობასა, სიხარულსა, ქრისტიანული რწმენით გამტკიცებას, სიმშვიდესა, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში და დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.

გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დასწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უნდა მიმართოთ, მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომოგზავნეთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, – როდესაც შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში. სადაც არ უნდა იყოთ, ტაძარში, სახლში, თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

17 დეკემბერს,  წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღა!

კომენტარები