ბათუმში თბილისელი და სანქტ–პეტერბურგელი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

ცნობილი თბილისელი და სანქტ–პეტერბურგელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით „ბათუმი & Батуми”, ბათუმის Contemporary Art Space–ში მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიხსნება.

ორგანიზატორის, ბათუმისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის მონაწილისა და კურატორის, მხატვარ ალექსანდრ ფლორენსკის განცხადებით, ის სანქტ–პეტერბურგსა და თბილისს შორის ცხოვრობს და ხშირად იმყოფება ბათუმში, სადაც მე–19 საუკუნის ბოლოს მისი დიდი ბაბუის ოჯახი ცხოვრობდა. ის ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
„ბათუმისა და მისი შემოგარენის (ქობულეთი, კვარიათი) თემა დიდი ხანია აღმოცენდა ისეთი მხატვრების შემოქმედებაში, როგორიც არიან მამუკა ცეცხლაძე, მიხეილ შენგელია ან ვახო ბუღაძე. ამას გარდა, ბოლო დროს რამდენჯერმე გავუწიე ორგანიზება ჩემი მეგობრების, თბილისელი მხატვრების (თუთუ კილაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსო გიგაშვილი), ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი პეტერბურგელი ავტორების შემოქმედებით გასვლას ბათუმში”, – განუცხადა რუსულ ინტერნეტ-გამოცემებს ფლორენსკიმ.

გამოფენის სტუმრები ასევე განიხილავენ რუსი მხატვრების, ტატიანა სერგეევას, ელენა ანდრეევას, მაშა ივანოვას, ირინა როონის, ალექსანდრ ფლორენსკის ოჯახის წევრების, მეუღლისა და ქალიშვილის, ასევე მხატვრების – ოლგა და კატია ფლორენსკების ნამუშევრებს.

 

კომენტარები