ბათუმში, სატვირთო ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო

ბათუმში, მშენებარე კორპუსში  სატვირთო ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.

„შეტყობინების შესვლისთანავე შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი შემთხვევის შესასწავლად გაემართა. მოკვლევის პროცედურების დასრულების შემდეგაც დადგინდება შრომის უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმები დაირღვა ობიექტზე. აღნიშნული ობიექტი აქამდე არ იყო შემოწმებული შერჩევითი კონტროლის საფუძველზე“, – განმარტავენ  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში.

ინსპექტირების შედეგად 60 მშენებლობა შეჩერდა. ობიექტები სპეციალური დადგენილებით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: მშენებლობები, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა უბედური შემთხვევა, არსებობს პროფესიული დაავადების გაჩენის ან განვითარების რისკი და მესამე, სადაც დარღვეულია შრომის უსაფრთხოების ნორმები.

ბათუმში, ლიფტის შახტის ჩავარდნის  შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი შემთხვევა ბათუმში 23 ივნისსაც მოხდა. საცხოვრებელ სახლში სატვირთო ლიფტი მესამე სართულიდან ჩაწყდა.

კომენტარები