„ბარსელონას“ ადმინისტრაცია მესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

„ბარსელონას“ ადმინისტრაცია მესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორატში, საბჭოს რამდენიმე წევრი არგენტინელი ფორვარდის გასხვისებას არ ეწინააღმდეგება. მესის სატრანსფერო ფასი კატალონიური კლუბის კონტრაქტის მიხედვით, 700,000,000 ევროა. ლიონელ მესის კონტრაქტი 2021 წელს იწურება. ფეხბურთელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ სიტიმ“ და მილანის „ინტერმა“ გამოთქვეს.

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან შესახვედრად შვებულება შეწყვიტა, კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კუმანისა და მესის აუდიენცია უახლოეს საათებში იგეგმება, ნიდერლანდელი მწვრთნელი არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის განვითარების თავის პროექტს წარუდგენს, მესის გუნდიდან წასვლა გადაფიქრებას შეეცდება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ  ესპანური გამოცემები წერდა, 33 წლის არგენტინელი „ბარსელონას” დატოვებას გეგმავს, ყველაფერი მაინც მისი კუმანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მესის 2021 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები