„ბატონი პაატა იმნაძე გულისხმობდა იმას, რომ აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც ჩვენ აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის მიერ ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:

-„ბატონი პაატა იმნაძე გულისხმობდა იმას, რომ აქ ჩამოსვლა იქნება ისეთივე უსაფრთხო, როგორც ჩვენ აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ამ სიტუაციას.

საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა და ყველაფერი კეთდება, რათა ეს იმიჯი კიდევ უფრო განამტკიცონ და მსოფლიოს გააცნონ.

საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია. გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად, ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინშეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ტურიზმის მინისტრებთან, ტრანსპორტის მინისტრებთან, ეკონომიკის მინისტრებთან, როგორც ევროპული სახელმწიფოების, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში.

ადამიანები, უცხოელი ტურისტები არიან მოწყურებულები ზოგადად, უნდათ, გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ. საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო, ნომერ პირველი სავარაუდო ადგილი.

მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს არა მხოლოდ საინტერესო გარემო დახვდეთ, არამედ უსაფრთხოდ მოემსახურონ.  უსაფრთხო მომსახურება სწორედ საქართველოს უპირატესობაა.

ის ფაქტი, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ეს პირიქით, ჩვენი უპირატესობა არის, დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყრუადღებას, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, არა მხოლოდ საინტერესო, რელაქსირებული გარემო დახვდეს, არამედ სრულიად უსაფრთო და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს მედიკოსებთან ერთად. ეს იგულისხმება. გაიდლაინები დამუშავებული გვაქვს და გავასაჯაროებთ“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გუშინ გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ხელს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა:

-„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

„რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება. ამიტომ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

რა თქმა უნდა, რისკი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ქვეყანაში დაინფიცირებულების ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია. ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას. ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში. შეიძლება, არც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში, უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ შეიძლება, გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, ის შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით უნდა იყოს დაბალანსებული“.

კომენტარები