„ბევრი უნდა ვილოცოთ, რომ ამ მონობისგან“ – „თავისუფლად იმრუშოთ ანდა თავშეუკავებლად ჭამოთ და ილოთოთ, ბოროტი ჩაიდოთ გულში“ – ეს არ არის თავისუფლება

ერთხელ წმინდა სილუან ათონელი ესაუბრებოდა ერთ სტუდენტს, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა თავისუფლებაზე.

ღირსმა მამამ ბრძანა:

-„თავისუფლება ყველას სურს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს და როგორ მოვიპოვოთ ის. თავისუფალი რომ გახდეთ, პირველ რიგში, თავი უნდა “გაიკოჭოთ”. რაც უფრო მეტად “შეიკრავთ” თავს, უფრო თავისუფალი იქნება თქვენი სული. საკუთარი თავი უნდა მოთოკოთ, ვნებებმა რომ არ დაგჯაბნონ, მოყვასს რომ არ ავნოთ… ადამიანები ჩვეულებისამებრ ეძებენ თავისუფლებას, რომ მერე რაც უნდათ, ის აკეთონ. მაგრამ ეს არ არის თავისუფლება, ამ დროს ცოდვა ხელმწიფებს თქვენზე. თავისუფლად იმრუშოთ ანდა თავშეუკავებლად ჭამოთ და ილოთოთ, ბოროტი ჩაიდოთ გულში, ძალა იხმაროთ და მოკლათ, ანდა სხვა რამ ამგვარი ქმნათ – ეს არ არის თავისუფლება, რადგან უფალმა ბრძანა: ყოველი ცოდვის მოქმედი მონაა ცოდვისა. ბევრი უნდა ვილოცოთ, რომ ამ მონობისგან გავთავისუფლდეთ. ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ შევცოდოთ და მთელი გულით გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება – ღმერთში განუშორებელი მყოფობაა.

* სქემარქიმანდრიტი ზოსიმე-ზაქარია (მინაევი, +1936) გვასწავლის: “გახსოვდეთ, ღმერთმა თავისუფლება მოგვცა და თავისთან ძალით არავინ მიჰყავს. ძალა უნდა დავატანოთ საკუთარ ნებას, თუ გვინდა, გულში სულიწმინდის მადლი მივიღოთ. ღმერთს რომ ჩვენთვის თავისუფლება არ მოეცა, მაშინ ხომ გააუქმებდა რწმენის გზებს, ყველას იძულებითი შეცნობის გზით მიიყვანდა თავისთან. ნუ იტყვით ზოგიერთი უმეცარივით: “დაგვიმტკიცე ღმერთის არსებობა და მაშინ დაგიჯერებთო”. მაშინ ეს რწმენა კი არა, დაძალებული ცოდნა იქნება და არა ცხონებისკენ მიმავალი გზა.

როცა გულში რწმენა თავისუფლად დაისადგურებს, მაშინ ღმერთი ჭეშმარიტი რწმენის ისეთ დამამტკიცებელ საბუთს მოგვცემს, რომელიც შეუდარებლად აღმატებული იქნება ყველა სამეცნიერო მტკიცებულებაზე. ყოველთვის გახსოვდეთ, ცხოვრებაში თავისუფალი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ სათნოებათა შეძენისა და ღვთისადმი ლოცვაში. ღმერთს ადამიანთა სულები თავისთან ძალით არ მიჰყავს. გაუფრთხილდით რწმენის მარცვალს”.

ვრცლად:

კომენტარები