„ბელინგქათი“ – ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან „ფე-ეს-ბე“-ს საიდუმლო განყოფილება დგას

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სააგენტომ დაგეგმა.

ამის შესახებ “ბელინგ-ქეთის“, “შპიგელისა“, “რუსული ინსაიდერის” ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.

საგამომძიებლო ჟურნალისტური ჯგუფის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მომზადებას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული ედუარდ ბენდერსკი ხელმძღვანელობდა.

ჟურნალისტურ მასალაში ნათქვამია ისიც, რომ რუსმა სამართალდამცველებმა გერმანიას ხანგოშვილის მკვლელის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს და დამნაშავის კვალის დაფარვა სცადეს. ჟურნალისტებმა გამოძიების პროცესში სატელეფონო ანძიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.

ამავდროულად, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ „ეფ-ეს-ბემ“ და რუსეთის პოლიციამ იცოდა დაკავებული მკვლელის პიროვნება, მაგრამ გერმანიის ხელისუფლება მოატყუეს, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ არ ყოფილა დაკავებულის ნამდვილი სახელი და გვარი.

ბელინგქათმა“ ასევე დაადგინა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სულ მცირე რვაჯერ იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრში, რომელიც მოსკოვთან ახლოს, ბალაშიშაში მდებარეობს.

ბელინგ-ქათის“ ცნობით, ედუარდ ბენდერსკი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაგეგმა, საკუთარ თავს „ეფესბეს“ ყოფილ სპეცრაზმელს უწოდებს, თუმცა რუსულ მედიაში ის ხშირად საუბრობს, როგორც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების მეხუთე განყოფილების დე ფაქტო პრესსპიკერი. ბენდერსკი საკუთარ თავს ხშირად უწოდებს რუსი პარლამენტარების თანაშემწეს და ის ასევე გახლავთ რუსეთისა და ერაყის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე. რუსეთის მთავრობამ ბენდერსკის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას ერაყში რუსული ნავთობკომპანიების დაცვის ექსკლუზიური უფლება მიანიჭა.

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ედუარდ ბენდერსკი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ, ალექსანდრ ტიხონოვის დაქვემდებარებული პირია.

ტიხონოვი რუსეთის ეროვნული გმირია, რომელმაც ეს წოდება, „ნორდ ოსტის“ თეატრში მძევლების აყვანის დროს ჩატარებული ოპერაციისთვის პირადად პუტინისგან მიიღო. ამ ოპერაციის დროს 130 მძევალი გარდაიცვალა. ტიხონოვის სახელს უკავშირდება ასევე 2004 წელს ბესლანის სკოლაში ჩატარებული სპეცოპერაცია.

ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს.

 

კომენტარები