ბერი იერემია: პირდაპირ გეუბნებით – ვინც მეორედ მოსვლას უფრთხის, ის ქრისტიანი არ არის!

       კათოლიკოს-პატრიარქი კიდევ ერთხელ იქცა ბნელი ძალების სამიზნედ. ლიბერასტებმა ამჯერად, საკვირაო ქადგების დროს გამოთქმული პოზიცია გააქილიკეს, სადაც ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მეორედ მოსვლის ჟამზე გააკეთა მკვეთრი მინიშნება: 

    აი, ეს სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურასა და მშენებლობაში, მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი რომ, შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ, დავით მეფის სიტყვები – მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მიეცი, ძალიან აქტუალურია“ იქადაგა პატრიარქმა.

ამ ქადაგებამ მრევლიც საკმაოდ დააბნია, ვინაიდან, კვირაზე მეტმა ხანმა განვლო, თუმცა „მეორედ მოსვლა“ ჯერ არ მომხდარა. რას ამბობენ მღვდელმსახურები? პატრიარქმა სულ სხვა საზრისი ხომ არ ჩააქსოვა თავის სიტყვებში? ვესაუბრებით კოდორის ხეობის   მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის (მონასტერი ამჟამად, თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარედ ფუნქციონირებს) ბერს, იერემია ლომიძეს: 

 – ქრისტე, შესაძლოა, მიწაზე ნებისმიერ მომენტში მოვიდეს… მაგრამ, ვართ კი მზად, ადამიანები, ამისთვის? პირველი საუკუნიდან მოყოლებული, წმიდა მამები ქრისტეს სასუფევლის მოახლოებას ქადაგებენ. იოანე ნათლისმცემელი მაშინდელ საზოგადოებას მოუწოდებდა – შეინანეთ, რამეთუ ახლოა ცათა სასუფეველიო. მაშინ მართლაც მალე მოვიდა ქრისტეს სახით ცათა სასუფეველი, რომელმაც დედამიწის მკვიდრთ ზნეობრივი ცხოვრების წესი უქადაგა. სწორედ ამ წესის მიმდევრობა აქცევს ადამიანს სასუფევლის წევრად, თუმცა ეს მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ და თუ მანამდე სასუფეველი ოდენ ცალკეულ ადამიანთა გულებშია, მას შემდეგ ქრისტეს სამეფო დამყარდება, რომელიც ღმერთის ერთგულებს ღმერთთან სიახლოვეს და ნეტარ ცხოვრებას, ხოლო ზნეობის მოწინააღმდეგეებს – ტანჯვას და ჯოჯოხეთს უმზადებს. 

 

 – პატრიარქის ნათქვამი „ახლოა ჟამი“ – რას ნიშნავს? განა მან პირდაპირ არ განაცხადა, რომ „შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა?“

 

 – როცა იოანე ნათლისმცმელი „ჟამის სიახლოვეზე“ ქადაგებდა, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდა, ვინაიდან ქრისტე უკვე მიწაზე იყო. მას შემდეგ კი, „ჟამის სიახლოვის“ შეხსენებ უკვე 20 საუკუნეა, ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის გვამზადებს. 

თავად ქრისტე საუბრობდა „ჟამის სიახლოვეზე,“ თუმცა, როდესაც დაზუსტება სთხოვეს, მან უპასუხა, რომ ზუსტი დრო არავინ იცის… მხოლოდ ნიშნებია ცნობილი, რომელიც ამ ჟამის სიახლოვეზე, ქრისტეს წინაშე კაცობრიობის წარდგენის მომენტის მოახლოვებაზე მეტყველებს. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ადამიანები იბადებიან და კვდებიან… და თითოეული, გარდაცვალების შემდეგ, ქრისტეს წინაშე წარსდგება, ანუ, ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაძლოა, ძალიან ახლოს არის მისი გარდაცვალების დღე და ამის დამახსოვრება აუცილებელია, რათა ადამიანი მუდმივად მზადყოფნაში იყოს ღმერთთან შესაგებებლად! ამაში არაფერია საშიში და არც საქილიკო. შიში ხომ სიბრძნის საწყისია. თუ ადამიანს ღვთის შიში არ გააჩნია, მას ქრისტესკენ პირველი ნაბიჯიც არ აქვს გადადგმული. საგულისხმოა, რომ კაცობრიობის დიდი ნაწილი სწორედ ღვთის მიმართ შიშის არ ქონის და შესაბამისად, უზნეო ცხოვრების წესის მიმდევრობის გამო, სიხარულით შეხვდება და გასამეფებლად ტახტს მიართმევს ანტიქრისტეს, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გამოეცხადება და ზნეობის ჩარჩოებისგან თავისუფლებას  აღუთქვამსდედამიწის მკვიდრთ. მეორედ მოსვლის ჟამის ნიშნებიც სწორედ, ღმერთისგან საზოგადოების მასშტაბურ განდგომაში გამოიხატება, როცა ადამიანები თავიანთი გულებიდან ღმერთის სასუფევლის მოახლოების შიშს დევნიან. ამჟამად სწორედ ეს – ათეიზმის, საყოველთაო ურწმუნოების დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს. ეს ის მდგომარეობაა, როცა კავი კაცს აღარ ჰგავს და ქალი ქალს, როცა ადამიანებს სინდისის ხმა სულ უფრო და უფრო ნაკლებად აწუხებთ. 

 – ნუთუ, ანტიქრისტე უკვე  გამეფდა? ქრისტეს მეორედ მოსვლას ხომ, ანტიქრისტეს გამოცხადება უსწრებს წინ…  

 – ანტიქრისტეს გამეფება ჯერ არ მომხდარა. ავტორიტეტული მამების წინასწარმეტყველებებში აღწერილია, რომ ანტიქრისტე ტახტს იერუსალიმში დაიდგამს და მას მართლმადიდებელი პატრიარქიც კი მიესალმება. 

აღწერილია, თუ როგორ იტყვის მსოფლიო, რომ აღარ სურთ ბევრი მეფე და სურთ, რომ ერთადერთი მეფე განაგებდეს პლანეტას. აღწერილია, თუ როგორ მოხდება მისი მხილება. ეს და სხვა ნიშნები, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე ყოფნის პერიოდში იქადაგა და შემდგომში, მოციქულმა იოანემ აპოკალიფსში აღწერა – ჯერ არ ჩანს, ჩანს მხოლოდ ნაწილი, თუ თანდათანობით, როგორ ისადგურებს გარყვნილება ადამიანთა მოდგმაში, მაგრამ, რასაც აქ გეუბნებით, მხოლოდ ძალიან მორწმუნე ადამიანებისთვის არის გასაგები. ურწმუნოთათვის შეიძლება ხუმრობის საგნადაც იქცეს, როგორც პატრიარქის ქადაგება გააქილიკეს. მე წავიკითხე ვინმე მიშა მშვილდაძის კომენტარი – „ეკლესია ხართ, იმედი უნდა მოგვცეთ, მაგაში გიხდით მილიონებს ბიუჯეტიდან, რა მეორედ მოსვლაო“ – წერდა. 

ასეთი მოქილიკეები მსგავსი განცხადებებით კიდევ უფრო სცილდებიან ღმერთს. თუ ვინმეს ღვთის შიში აქვს, წ3მიდა წერილს წაიკითხავს და შემდეგ ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგება, ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის, ანუ დედამიწაზე მაცხოვრის დასახვედრად საგანგებოდ მოემზადება. პირდაპირ გეუბნებით – ვინც მეორედ მოსვლას უფრთხის, ის ქრისტიანი არ არის! 

 

 – ისევ, „დროის“ ფაქტორზე უნდა გკითხოთ… „ჟამი ახლოა“ – მაინც, რა ვადა იგულისხმება?

 

 – ღმერთისთვის არც წარსული და არც მომავალი არ არსებობს. არის მხოლოდ აწმყო, რადგან ღმერთი ერთდროულად, ყველგან მყოფია. ცხონებული მერაბ კოსტავა წერდა – თბილისიდან ვთქვათ, მადრიდამდე ჩაფრენას 3 საათი სჭირდება, მაგრამ, მე თუ ისეთი დიდი ვარ, ცალი ფეხი თბილისში მედგას და მეორე მადრიდში – მაშინ ჩემთვის ეს 3 საათი არ იარსებებდა, ერთდროულად თბილისშიც ვიქნებოდი და მადრიდშიცო. 

აქედან გამომდინარე, დროის ფაქტორი ფარდობითია. არ შეიძლება, მხოლოდ ფიზიკური  პარამეტრებით ვიმსჯელოთ.   

 

 –  „სინდისის ხმა“ ახსენეთ. ეს რა ფენომენია? საიდან იბადება სინდისის ხმა? 

 – სინდისი არ გახლავთ მატერია, ის ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. ის არის ერთგვარი სიგნალი, რომელიც ადამიანს უზნეობის ზღვართან მიახლოვებას შეახსენებს.  ეს ხმა არ აწუხებს 2 კატეგორიას – ერთის მხრივ, მათ, ვინც ღმერთის დადგენილი წესებით ცხოვრობენ, მეორეს მხრივ კი, მათ, ვინც ამ ხმას გულმოდგინედ ახშობენ. რაც მეტად გადაიჭრება ადამიანი ცოდვაში, მით მეტად შორდება ღმერთს და შესაბამისად, მისგან მომავალი ხმაც მიინავლება. სინდისის ქენჯნა, ანუ, სულის ტკივილი – მტანჯველი, მაგრამ აუცილებელი ფენომენია. ზოგადად, ტკივილი არ არის სასიამოვნო, მაგრამ ადამიანს რომ არ ჰქონდეს ეს შეგრძნება, ის ვერ იგრძნობდა, ვთქვათ, გავარვარებულ ნივთთან შეხებას და მიიღებდა მოურჩენელ დამწვრობას… ასევეა სინდისის ხმაც – ცოდვასთან კონტაქტისას გაისმის და, მართალია, დისკომფორტს უქმნის, მაგრამ იმავდროულად, ადამიანს სიგნალს აძლევს, რომ უკეთურ საქციელს განეშოროს. მაღალი მორალური კრედოს მქონე ადამიანებში სინდისის ხმა გაცილებით მძაფრია – სხვებისგან განსხვავებით, საკუთარი თავის მიმართ ასეთები მეტად მომთხოვნები არიან. პატრიარქის სიტყვებს, რომ „შესაძლოა, მეორედ მოსვლამდე დათვლილი დღეები რჩებოდეს“ – სინდისიერი და ღვთისმოშიში  გაიგებს, როგორც სიფხიზლისკენ მოწოდებას, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება გააჩნია – ცოდვებმონანიებული და განწმენდილი შეხვდეს როგორც მაცხოვრის მეორედ მოსვლას, ასევე საკუთრ ფიზიკურ აღსასრულს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს!  

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

კომენტარები