ბექა ფერაძე: „სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება“

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით:

-„სახლებისა და სხვა სივრცეების ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება. ცვლილებების თანახმად, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, – აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.

მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გამქირავებლისთვის ცნობილი თუ გახდება, დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ვალდებული იქნება, შრომის ინსპექციას აცნობოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოიჯარე ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით ჯარიმდება, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს. სავარაუდოდ, ახალი წესები უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის 20-მდე შემთხვევა გამოვლინდა.  უმრავლესობა სოციალურ ღონისძიებებს შეეხებოდა“.

კომენტარები