„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

-„საქართველო არის 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს, საზღვრები რომ გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა  15 ადამიანი.

პანდემიასთან  წარმატებული რეაგირების მართვა   სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფის დამსახურებაა, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

მეზობელ სომხეთში  ყოველდღიურად  „კოვიდ-19“-ის ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება, საერთო რაოდენობამ  26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. მეზობელ აზერბაიჯანშიც  ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება“, – წერს სტატის ავტორი.

„ბიბისი“ წერს, საქართველოში  კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა,  მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა, დაიკეტა სასაფლაოები.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე,  ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“, – განუცხადა „ბიბისის“ წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ბიბისი“ ასევე წერს, საინფორმაციო კამპანიასა და რეგულარული სიახლეების გამოქვეყნებას უძღვებოდნენ ქვეყნის მთავარი მეცნიერები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

რუსული მხარე მას აშშ-ის ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო პროგრამაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. მისი მეცნიერები პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში.

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურაა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, რომელიც  საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახეა.

საქართველოში კორონავირუსის ტესტირებისთვის 19 ლაბორატორია მუშაობს.

„ოქროს სტანდარტით, ჩვენ ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 ათასი „პისიარ“ ტესტი ჩავატარეთ. გამოჯანმრთელების კოეფიციენტი 86%-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ,  გარდაცვალების 15 შემთხვევა გვქონდა, რაც 1,6%-ს შეადგენს. გლობალურ მაჩვენებელთან შეადრებით, ის ძალიან დაბალია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„ბიბისი“ ასევე წერს, საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მათი მითითებების შესრულებისთვის.

საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის მკაცრი ჯარიმები მოქმედებდა – ფიზიკური პირებისთვის ათასი დოლარის ოდენობით, კომპანიებისთვის კი სამი ათასი დოლარის ოდენობით.

გაფრთხილებები მოწოდებით –  „დარჩით სახლში“  ავტობუსების გაჩერების ციფრულ ტაბლოებზე იყო, ასევე მობილური ოპერატორების მიერ მოქალაქეების ტელეფონებზე. ჩვეულებრივ პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ ფართოდ დაუჭირა მხარი ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველების თანამშრომლობამ და ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის დაცვაში მათმა სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ინფექციის მრუდი ყოფილიყო პლატო.

„ბიბისი“ წერს,  საქართველოსთვის დიდი გამოცდა იყო აღდგომის კვირა, როდესაც გაჩნდა საშიშროება, რომ ღამის წირვას ეკლესიებში ათასობით ადამიანი დაესწრებოდა.

ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააგრძელა ღვთისმსახურება,ა უარი თქვა საერთო კოვზის ზიარების წესის შეცვლაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ გაითვალისწინა მეცნიერების რჩევა და სახლში დარჩა.

ამჟამად საქართველოში ბევრი ბიზნესი და რესტორანი უკვე გაიხსნა. პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში, მოქმედებს მკაცრი წესები დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვებია ხალხმრავალ შეკრებებზე.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს პირველი ივლისიდან გახსნიდა. თუმცა ეს გეგმა გადაიდო. ასე რომ, ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის მიმდინარე წელს პერსპექტივები არასახარბიელოა.

საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სიფრთხილეს ინარჩუნებს.

„თუ საქართველო გამოიყურება როგორც კუნძული და ოაზისი გარშემო მყოფ ქვეყნებს შორის, ეს ერთი წუთითაც არ გვაძლევს შესვენების უფლებას.

ის ფაქტი, რომ ჩვენთან კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრებით გამოიხატება, საერთოდ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

„ბიბისის“ გამოყენებული აქვს საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის, მირიან მელაძის ფოტო, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ, 14 მარტს არის გადაღებული.

კომენტარები