„ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები “მწვანე პასპორტის” წესებს არ შეასრულებენ“ – შოთა ბურჯანაძე

“რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან” განაცხადა:

-„დარწმუნებით გეუბნებით, პირველი დეკემბრიდან, რესტორნები და სხვადასხვა ბიზნეს სექტორი არ შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მათ “მწვანე პასპორტების” მექანიზმით ექნებათ გაწერილი, რადგან ეს მათ სარგებელს არ მოუტანს. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო პირველ ეტაპზე ჯარიმების დაწესებას ვერ გაბედავს, მათ გარკვეულ დროს მისცემს. დარწმუნებული ვარ, ჯარიმები არ და ვერ იქნება, რადგან სახელმწიფო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოამზადებს სექტორს “მწვანე კოვიდ პასპორტებთან” მიმართებაში. ჯარიმა რომც დაწეროს, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის“.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კომენტარები