ბლიც-ინტერვიუ ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან საზოგადოებრივ და პირად საკითხებზე:
ბლიც-ინტერვიუ ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან,
საზოგადოებრივ და პირად საკითხებზე:
– როგორ ბრძანდებით?
– გმადლობთ, არამიშავს.
– როდის დაიბადა თქვენში ჟურნალისტი?
– ეს იყო ეროვნული მოძრაობის წლები… როცა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო, „აკაშა-ქრონიკა“ და დამოუკიდებელი ბეჭდური გამოცემა „ძველი სახლი“ შევქმენი.
– ჟურნალისტის გზა რატომ აირჩიეთ?
– ადამიანის უფლებების დასაცავად და მასებამდე ხმის მისაწვდენად პუბლიცისტიკა იყო საჭირო. ამიტომ, ჩემი ნამდვილი პროფესიის (განათლებით ექიმი ვარ) პარალელურად, ჟურნალისტობას მივყავი ხელი.
– სად უფრო კარგად გრძნობთ თავს პრესაში თუ ტელევიზიაში?
– ორივეგან საკუთარ ამპლუაში ვარ, თუმცა ეს ორი ჟანრი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფაქტობრივად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფესიებია.
– არსებობს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რაც გინდოდათ და არ გააკეთეთ?
– არ გავაკეთე თუ ვერ გავაკეთე? ბევრი რამ არის ისეთი, რაც მიზნად დავისახე და ვერ შევასრულე… მაგრამ თუ რაიმე არ გავაკეთე, ეს იმას ნიშნავს, რომ სინდისმა შემიშალა ხელი, რადგან არ იქნებოდა სწორი, მისი გაკეთება!
– ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ, რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
– რამდენი შეცდომა დამიშვია… ნეტავ, თავიდან რომ ვიწყებდე, შევძლებდი მათ არიდებას?
– რა გამოცდილებამ გაგაძლიერათ?
– რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! გამაძლიერა ღალატმა, რომელიც ცხოვრების გზაზე მრავლად ვნახე. გამაძლიერა ცილისწამებებმა, ციხეში უსამართლოდ გატარებულმა წლებმა.
– რომელი მიღწევით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დაბრუნებულა, თორემ სხვა – ყველა გასაჭირი და განსაცდელი ვნახე. ამის მიუხედავად, არ გავბოროტებულვარ, სულის სიღრმეში ბავშვად, პატარა ბიჭად დავრჩი, რომელსაც დღემდე ბავშვურად უკვირს ყველა უსამართლობა, რაც მის გარშემო ხდება… მე მიღწევად მიმაჩნია, გაიარო ცხოვრების ყველა განსაცდელი და ბავშვად დარჩე!
– რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
ჟურნალისტობამ შემძინა შეუმცდარი ალღო – მატყუებს თუ არა ურთიერთობაში ნებისმიერი ადამიანი; მივეჩვიე ნებისმიერი ადამიანის ფსიქოტიპის 80 % სიზუსტით ამოცნობას; მოვლენების ანალიზის შედეგად მომავლის პროგნოზირებას… ამას გარდა შემძინა სიფრთხილე, რომ თუნდაც უნებურად, თუნდაც მტერს – ცილი არ დავწამო; სწორი და ზნეობრივი პოზიცია გამოხატვის თავისუფლების ზღვარზე ჩამოვაყალიბო იმგვარად, რომ მკითხველისთვის თუ მაყურებლისთვის საინტერესო იყოს.
– მოზარდობის ასაკში ვინ იყო თქვენთვის მისაბაძი კერპი, იდეალი?
კარატეს ვვარჯიშობდი და ბრუს ლი იყო ჩემი კერპი. ისე, გაკერპება არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ვაღიარებ, ჭაბუკობის წლებში ბრუს ლის ვაკერპებდი.
– ამბობენ ცხოვრება თეატრია, ადამიანები მსახიობები არიანო. თქვენ რა როლი გაქვთ ცხოვრებისეულ თეატრში?
ცხოვრებისეულ თეატრში ტრაგიკულ სცენებში ვმონაწილეობ, საკუთარ თავს მუდამ მსხვერპლად ვწირავ ზნეობრივ იდეალებს, ვცდილობ დაჩაგრულის დაცვას, მართალი და ზნეობრივი პოზიციის გაჟღერებას იმ სიტუაციაშიც კი, სადაც საზოგადოების უმრავლესობა უზნეო პოზიციაზე დგას… საკუთარი სურვილით ვეხვევი ფათერაკებში, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან აპლოდისმენტებს სინდისისგან ვიმსახურებ და სულიერად ვმშვიდდები.
– რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას?
– უფრო მეტ დროს დავუთმობდი განათლების სრულყოფას, მეტ დროს დავუთმობდი პირად ცხოვრებას, თუმცა არსებითად ჩემი ცხოვრების გზას არ შევცვლიდი. მრავალჯერ განხიბვლის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორად მივდივარ.
– რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოში? როგორ საქართველოში ისურვებდით ცხოვრებას?
– ზნეობის დეფიციტი. „კარგსა“ და „ცუდს“ შორის ზღვარის წაშლა. უარესი რაღა უნდა მოხდეს – ქუჩებში ანტიქრისტე დააბიჯებს, კაცები ერთმანეთის მიყოლებით თხოვდებიან, საზოგადოება უზნეობას „ადამიანის უფლებად“ აფასებს და არ ებრძვის! ვისურვებდი, ისეთ საქართველოში მეცხოვრა, სადაც კანონები მართლმადიდებლური ზნეობის, წმიდა წერილის მთავარი პოსტულატების შესაბამისად შეიქმნებოდა და ამოქმედდებოდა!
– რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო?
– ვალს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე როგორმე უნდა პირნათლად მოვიხადო.
– ღმერთის თქვენეული აღქმა. რას ჰკითხავდით უფალს?
– უფალი თავად კოსმოსია. ჩვენ ვცხოვრობთ უფალში, როგორც თვალუწვდენელ სუბსტანციაში – მოლეკულები, სადაც ყველა მოვლენა კანონზომიერია და მთავარია, ამ სუბსტანციაში ჩვენი ღიმილისმომგვრელად მცირე მისია სწორად გვესმოდეს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ უფალის დადგენილ კანონზომიერებებს ბოლომდე უნდა მივყვეთ! ამქვეყნად, სტუმრად ვართ და მთავარია, უკან, სამუდამო საცხოვრებელში, გზა სწორად გავიგნოთ… უფალო, ხომ სწორად მივდივარ? – ამას ვკითხავდი…
– რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ ცოდვად?
– ცილისწამება და ღალატი იმისა, ვისაც შენი სჯერა…
– რას დაატარებთ გულით?
– ღმერთის, სამშობლოს და უახლოესი ადამიანების სიყვარულს. ასევე, მიჯნურულ სიყვარულს.
– ყველაზე ფერადი რა არის სამყაროში?
– ოცნება… რომელიც შესაძლოა, გამატერიალურდეს კიდეც.
– რა გასწავლათ ცხოვრებამ?
– რომ არაფრის ფასად და სანაცვლოდ არ შეიძლება ზნეობრივი კრიტერიუმების ღალატი!
– ამ საუკუნეში რა სჭირდებათ, რა აკლიათ ადამიანებს?
– ღმერთის რწმენა. იმისი რწმენა, რომ თუ რაიმეს დააშავებენ, აუცილებლად შესაბამისად მიეზღვებათ!
– დაასრულეთ: არასდროს არის გვიან…
– სწავლა! სიყვარული! სიკეთის ქმნა! არასწორი საქციელის სინანული!
– ჩვენი ეპოქა როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში?
– როგორც უკიდურესი დაცემის ეპოქა. ზნეობრივად ასე დაბეჩავებული საქართველო ისტორიას არ ახსოვს. აპოკალიფსური მოვლენები ხდება, სადაც საზოგადოების მხოლოდ მცირედ ნაწილს უწერია გადარჩენა.
– ადამიანებმა რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს ომები მსოფლიოში?
– სამწუხაროდ, ადამიანებზე არ არის ეგ დამოკიდებული, არამედ ერთი მუჭა ავანტიურისტებზე, რომლებიც დღეს კულისებიდან მართავენ მსოფლიოს. ისე, ომს
– სიმბოლურად რას დახატავდით რომ გითხრან, საქართველო დაგეხატათ?
– მაცხოვრის კვართს, რომელსაც იმ რუკის ფორმა ექნება, როგორიც საქართველოს წმიდა თამარ მეფის ეპოქაში ჰქონდა…
– რა რჩევები, შენიშვნები გაქვთ ახალ თაობასთან?
– მინდა, მომავალ თაობას სწორად ესმოდეს ცნება „თავისუფლების“ არსი და თავისუფლება არ ეშლებოდეს ავის უფლებაში…
– წლების განმავლობაში რა დავკარგეთ და რა ვიპოვეთ?
– დავკარგეთ ძირძველი ქართული ტერიტორიები… ვიპოვნეთ ევროკავშირში გაწევრების ბუნდოვანი იმედი…
– სად ეძებოს ადამიანმა სულის გადარჩენის გზა?
– ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის სიკეთის გაკეთებაში! იმ ცდუნებებთან გამიჯვნაში, რასაც თანამედროვე ცხოვრება უხვად გვთავაზობს!
– რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?
– თუ გიყვარს – ცხოვრობ! სიყვარულის გარეშე ცხოვრება კი – არსებობაა მხოლოდ…
– რა ასაკში ისურვებდით დარჩენას?
– ალბათ, ქრისტეს ასაკში – 33 წლის…
– წლებთან ერთად შეიცვალა ადამიანური ურთიერთობები?
– სამწუხაროდ, შეიცვალა. ადრე სამეზობლო – ერთიანი ოჯახი იყო. ახლა ადამიანი ისე ცხოვრობს, წლების განმავლობაში კარის მეზობელს საერთოდ არ იცნობს! სოციალურმა ქსელებმა და ვირტუალურმა ურთიერთობებმა ჩაანაცვლა ნამდვილი, რეალური გრძნობები და ურთიერთობები.
– თქვენი თვალით დანახული ქალის იდეალი?
– წმიდა ქეთევან დედოფალი. ქალი – გარეგნობით მშვენიერი, ქალი – მმართველი, ქალი-მეოჯახე, ქალი ქვეყნის და სარწმუნოების ერთგული!
– სიყვარულს რა ახუნებს?
– გულწრფელობის დეფიციტი
– რა შეიცვალა თანამედროვე ოჯახებში?
– ოჯახის წევრებს ერთმანეთთან საკონტაქტოდ დრო არ გააჩნიათ! ერთად როცა არიან, მაშინაც თავ-თავიანთ სივრცეში, თავ-თავიანთ სოციალურ ქსელში იმყოფებიან! ოჯახებში სითბო და გულწრფელი სიყვარულის ატმოსფერო დაიკარგა!
– თბილისი ძველად და ახლა?
– ძველი მირჩევნია – მწვანეში ჩაფლული დედაქალაქი, 4-5 სართულიანი კორპუსებით და უამრავი სკვერით… ძველი, ნაღდი თბილისქალაქური ურთიერთობებით… ახლანდელი თბილისი საზარელია! ქუჩებში – საცობები! ჰაერის დეფიციტი! წყალის დასალევი შადრევნებიც კი მოშალეს ტროტუარებზე, რათა წყლის ქვეყანაში წყალი მაღაზიების დახლებზე გაეყიდათ!
– რა ხიბლი ჰქონდა ძველ თბილისს?
– პირველ რიგში – თბილისელების ძალიან თბილი და მხოლოდ თბილისელებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობების სტილი! კულტურა, განათლება!
– რა დაგაკლდებოდათ დაუსახლებელ კუნძულზე?
– ადამიანებთან ურთიერთობა, ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთებით ტკბობა. ადამიანური სითბო და სიყვარული. პრინციპში, გარშემო ოკეანე არ გვესაზღვრება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებას ისედაც აკლია…
– ლექსი, რომელიც შეესაბამება დღევანდელ ყოფას…
– გალაკტიონის ლექსი მახსენდება:
ია-ვარდი რომ არ არის, სად დავკრიფო? საქართველო მხოლოდ პრასი და ქინძია… საქართველო ადრე იყო სახელმწიფო… საქართველო – ახლა არის პროვინცია!
– ჩვენი დროის გმირები…
– გმირები ყველა ეპოქაში არიან. წმიდანებიც… შემჩნევა უნდა შეგვეძლოს. მე ვფიქრობ, თანამედროვე, ცდუნებებით სავსე წუთისოფელში ვინც სწორად და ზნეობრივად ცხოვრებას მაინც ახერხებს – უკვე, გმირია!
– თუ იქნებოდა თქვენი უკანასკნელი დღე ,რას გააკეთებდით ბოლო დღეს?
– ვილოცებდი უფლის წინაშე. შევეცდებოდი, ყველა, მანამდე მოუნანიებელი ცოდვა გამეხსენებინა და მათ გამო სინანული მეგრძნო.
– რას ურჩევდით ოცი წლის წინანდელ თქვენ თავს?
– მასე იარე, ზაზა. სწორად მიდიხარ! ტანჯვა მოგიწევს, მაგრამ მაინც მაგ გზით იარე!
– რას ეტყოდით ადამიანებს?
– ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი და გახსოვდეთ ღმერთი, რომელმაც ამქვეყნად იმ მიზნით მოგავლინათ, რომ ცხონების გზა თავად იპოვნოთ!