ბლიც-ინტრერვიუ მხატვარ ქეთი ბექაურთან:

ბლიც-ინტრერვიუ მხატვარ

ქეთი ბექაურთან:

 

– როგორ ბრძანდებით? დღეს თქვენი ნახატების გამოფენა გაიმართა.. როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და ვინ იყო თქვენი პირველი შემფასებელი?

– ყველაფერი დაიწყო პანდემიის პერიოდში, ამან გამოიწვია პანიკა, სტრესი ადამიანებში. ზამთრის ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე და უეცრად მომინდა ამეღო ხელში ფანქარი, ფურცელი და ჩანახატი გამეკეთებინა. წლების წინ საადვოკატო საქმიანობას რომ ვეწეოდი, მყავდა მეგობარი მხატვრები, მათ გამოფენაზე ვიყავი მიწვეული და მომწონდა მათი შემოქმედება, ამით ვსაზრდოობდი. ოდესღაც რომ ხატვას დავიწყებდი არ გამივლია აზრად.თუმცა იმ პერიოდში მქონდა მცდელობა, თაბახის ფურცელზე გრაფიკული ჩანახატები, პორტეტები დავხატე. მამას მივამსგავსე. იმის მერე ხელში არ ამიღია არც ფანქარი, არც ფურცელი. არ მიფიქრია რამეს შევქმნიდი და ყურადღების ღირსი იქნებოდა. ჩანახატებიც არავისთვის მინახებია და ვინახავდი.

– რა იყო თქვენი პირველი ნამუშავარი?

– “გოგონა მინდორში ფეხმორთხუმული” კითხულობს წიგნს.დავხატე ფანქრებით და ფლოსმასტერებით.იმ მომენტში არ მქონდა ტექნიკური საშუალებები,დავურეკე ჩემს მეგობარს მაიკო სამჭკუაშვილს,რომელსაც აქვს აკადემიური განათლება,ვუთხარი სახლში იქნებ რაიმე მოგეძებნებოდეს ძველი გუაშები,ფუნჯები.მახსოვს ზოგიერთი გუაში იყო გამხმარი და ვასხამდით ცხელ წყალს ვალღობდით რომ გამომეყენებინა.მაიკო რომ წავიდა დახატვა ვცადე,დღეში რამდენიმე ნახატს ვხატავდი,რაც მომივიდოდა გონებაში,რასაც განვიცდიდი.ჩემი ემოციები რისი გადმოცემაც მინდოდა ,ყველაფერი გადმომქონდა ფურცელზე.მერე ამან გამიტაცა,ვსვამდი ჩარჩოში,მინაში.მომწონდა კედელზე დაკიდებული ჩემი ნახატები,შემდეგ დავინტერესდი აკრილის საღებავებით,ტილოზე მუშაობით.პირველი ცდა,მეორე ცდა და მომეწონა ეს მუშაობა.განსაკუთრებით მიზიდავს მუშა პროცესი.

– როგორია თქვენი სამუშაო გარემო?

– ჩარჩოზე თვითონ ვჭიმავ ტილოს. შეიძლება მეზობლები შევაწუხე, ვაჩხაკუნებ სულ ამ სტეპლერს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყოს ტილო გაჭიმული, რომ ნახატი არ გაფუჭდეს. ვდგები მოლბერტთან, ვიღებ ხელში პალიტრას და არ ვიცი რას ვხატავ ეს მჭირს. ყველაზე უკეთესად გამომდის, როცა თვალებს ვხუჭავ და თვალებში მოდის ფერები, ეპიზოდები, მოდის ფიგურული კომპოზიციები და ვხატავ.მაგალითად გამოფენაზე არის გამოფენილი ერთ-ერთი გოგონათა კვარტეტი, რომელიც დახუჭული თვალებით დავხატე. თვალებში წამოვიდა ეს ესკიზი, უცებ გადმოვიტანე თაბახზე და ტილოზე რომ არ გამქრალიყო. გატაცებული ვარ იმპრესიონისტებით წლებია, ვან-გოგი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია, გოგენი, სეზანი.. აღმოვაჩინე სეზანს ჰქონდა ასეთი ფრაზა: თვალებს ვხუჭავ იმიტომ რომ დავინახო. ალბათ მეც თვალებს რომ ვხუჭავ, ვხედავ იმას რაც უნდა დავხატო. არასოდეს არ ვიცი რა გამომივა. ვიწყებ პეიზაჟს, შეიძლება გამოვიდეს ნატურმორტი. შეიძლება ნატურმორტი დავიწყო და აბსტრაქცია შეიქმნას.

 – რა ფერია თქვენი თვალით დანახული სამყარო?

– სამყარო ლურჯი და იისფერი.

– ყველაზე ფერადი რა არის სამყაროში?

– სიყვარული და მეგობრობა. მეგობრობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიც მეგობრობიდან იწყება.

–  სიყვარული რომ არ გახუნდეს რა უნდა გავაკეთოთ?

–  უნდა დავხატოთ..

როგორ დავხატოთ სიყვარული?

– ერთხელ ფიროსმანს უთხრეს მასწავლე ხატვაო. ფიროსმანმა უთხრა – მე როგორ გასწავლით, რაც თვითონ არ ვიციო. -აბა თქვენ როგორ ხატავთო? – მე არ ვიცი როგორ ვხატავ – უთხრა ნიკალამ. მეც არ ვიცი როგორ ვხატავ. მინდა ჩემი ნახატებით ადამიანებმა მეტი სიკეთე აკეთონ. მეტად უყვარდეთ ერთმანეთი. ამიტომ დავხატე უკრაინული გაზაფხული. იქ ვერ ნახავთ სისხლის ლაქას, ვერც დაქოქილ ტანკს. მინდა ასეთი ლურჯი და იისფერი გაზაფხული მალე გაუთენდეთ.

– ომი ვახსენეთ, რას იტყოდით რუსეთ-უკრაინის ომზე. უნდა ჩაებას საქართველო ამ ომში?

–  საქართველო არის ამ ომში ჩართული , იმ დოზით რამდენიც შეუძლია რომ ჩართული იყოს. ჩვენ პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ. მეგობრული ხიდია ჩვენსა და უკრაინას შორის. მიხარია, ჩვენი სახლის კარები გავუღეთ თითოეულ უკრაინელს და ისინი კარგად გრძნობენ თავს ჩვენთან. ესაა ყველაზე დიდი დახმარება.

 – ქალი დღევანდელ საქართველოში, ქალის სახე.. 

– ქალი დღევანდელ საუკუნეში უფრო მეტად არის რეალიზებული. ჩვენ გვყავს წარმატებული ქალები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში, სხვადასხვა დარგში, უფრო მეტი წარმატებული ქალები ხელოვნებაში. ქალი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოჩენილი და არავინ არ უნდა დაუშვას ძალადობა მათზე. ამ თემაზე ვფიქრობ და არ ვიცი როგორ გადმოვიტან ტილოზე. ესაა თემატური ხაზი – არა ძალადობას, არა ჩაგვრას! მოეფერეთ და გაუფრთხილდით ქალებს, იმიტომ რომ ქალი არის დედა, პირველ რიგში დედა სამშობლო. არც ერთ ქვეყანას არ ექნება მომავალი თუ ქალები არ იქნებიან სათანადოდ დაფასებული.

– მომავალი თაობა.

– ახალი თაობა ძალიან მომწონს. კომპიუტერის თაობა გვყავს.. უნიჭიერესები. უყვართ თავისუფლება. დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში. მათ არ უნახავთ ის სამოქალაქო ომი, რაც მე გამოვიარე. არ უნახავთ ის რთული დღეები. ლაღად გაიზარდნენ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. მე მათი თაყვანისმცემელი ვარ. ისინი კარგად მღერიან, ცეკვავენ.. ისინი ჩვენი მომავალი არიან..

– ჩვენ ადამიანებმა რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს ომები მსოფლიოში?

– მეტი პოზიტივი უნდა გავცეთ, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და უნდა დავხატოთ მშვიდობა, მეგობრობა და ბევრი ყვავილები…

 

– ყველაზე დიდი ცოდვა..

– სამშობლოს ღალატი, უპტიებელი ცოდვაა. ღალატი მეგობრის. საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოს ადამიანმა.

– თქვენი ცხოვრების მრწამსი…

– სიკეთე და უფალი იესო ქრისტე..

– რას ჰკითხავდით უფალს? 

– უფალს არაფერს ვკითხავდი. მადლობას გადავუხდიდი ყველა იმ დღისთვის რაც მაჩუქა, გადავუხდიდი ადამიანების სიცოცხლისთვის და დღევანდელი დღისთვის.

 – რას ნიშნავს თავისუფლება?

– თავისუფალი ხარ როცა იმას გააკეთებ, რაც შენი გულიდან მოდის და შენს სულიერებას პასუხობს. როცა შენ საყვარელ საქმიანობას აკეთებ და ხელს არავინ გიშლის.

 – თქვენი კარიერა როგორ დაიწყო? რის მიღწევაზე ოცნებობდა წლების წინ ქეთი ბექაური?

– გულწრფელად გეტყვით: სკოლას სანამ დავამთავრებდი მინდოდა ჩამებარებინა თეატრალურზე და მსახიობი გავმხდარიყავი. მანამდე ვცეკვავდი, ვმღეროდი..

 – რატომ შეიცვალეთ გეგმები?

– მე არ შემიცვლია, ოჯახის დამოკიდებულებაც განაპირობა თეატრალურის ნაცვლად რომ იურიდიულზე ჩავაბარე. რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, მერე ვეცადე რომ იმ სფეროში წარმატებული ვყოფილიყავი, როგორ გამომივიდა არ ვიცი..

 – ამჟამად ბედნიერად გრძნობთ თავს, აკეთებთ იმას რაც გსურთ?.

– დიახ, ორი თვის წინ დავანებე სამუშაოს თავი, ვერ გავძელი. მინდოდა ვმჯდარიყავი მოლბერტთან ხელში პალიტრით და დამეხატა. ამიტომ დავწერე განცხადება და წამოვედი.

 – სიმბოლურად რას დახატავდით, რომ გითხრან საქართველო დაგეხატათ?

– მტრედს, რომელიც არის მშვიდობის გამოხატულება. ყვავილებს დავხატავდი.

– წლებთან ერთად რა შეიცვალა თქვენში? ყველაზე დიდი გამოცდილება რაც ცხოვრებამ გასწავლათ?

– ახლობელ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ და პატივისცემით მოვეპყრათ.

– წარმატების ფორმულა..

– ბევრი შრომა, უკან არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ.

-“სიცოცხლე სევდაა ადამიანად ყოფნის სევდა, სიკვდილიც სევდაა ადამიანად არ ყოფნის სევდა”.თქვენთვის რა არის სიცოცხლე და სიკვდილი?

– სიცოცხლე და სიკვდილი ურთიერთ დაკავშირებული ფენომენია. უერთმანეთოდ არ გამოდის. სიცოცხლე ალამაზებს ადამიანს. სიკვდილსაც თავის ახსნა აქვს. სიკვდილი გარდაცვალებაა..

 – რაში ეძებოს ადამიანმა სულის გადარჩენის გზა?

– ხელოვნებაში.

– რატომ ჩადიან ადამიანები დანაშაულს, როგორ ფიქრობთ?

– ფსიქოლოგიური მომენტი არის. თითოეული ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ხდება ისეთი, რასაც ადამიანები ვერ უმკლავდებიან ქვეცნობიერის დონეზე. მაგალითად მე თუ განვრისხდები ფუნჯს ვიღებ რომ დავხატო, მეორე ადამიანი განრისხებისას დანას იღებს ხელში და გადის ქუჩაში.

 – როგორ მოვიქცეთ რომ ყველამ ფუნჯი აიღოს ხელში ასეთ დროს?

– ბევრი მუშაობა უნდა მასზე, ეს დამოკიდებულია ოჯახზე, საზოგადოებაზე, მეგობრებზე. მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

 – დღევანდელ ეპოქაში ყველაზე მეტად რა აკლიათ, რა სჭირდებათ ადამიანებს?

 – სიყვარული. გაუცხოებას ვხედავ.

 – რამ შეუწყო ხელი ?

– თუნდაც პანდემიამ. ქაოსი, დაბნეულობა შემოიტანა. დროთა განმავლობაში გამოსწორდება. ბევრი უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდა თაობასთან, წინა თაობის წარმომადგენლებს მეტი პატივით მოვეპყროთ. ახალი თაობა ქუჩაში რომ არ აღმოჩნდეს და ფუნჯი აიღონ, მათთან მუშაობაა საჭირო პედაგოგების, უმაღლეს სასწავლებლებში. ტელე-გადაცემები უნდა მოიმართოს ისეთნაირად რომ მათი დაინტერესება იყოს და ვასწავლოთ ერთად სიკეთე.

–  სკოლის დაარსება რომ შეგეძლოთ, როგორ სკოლას შექმნიდით?

– სკოლის სისტემაში შევიტანდი ცვლილებებს. უფრო მეტად დავაინტერესებდი ბავშვებს ხელოვნებით, მათი სული რომ მეტად გამოვკვებოთ.

-სამშობლო… იცხოვრებდით სამშობლოს გარეშე?

– ვერ ვიცხოვრებდი. სამშობლო და უფალი თითქმის ერთია. ბევრჯერ დავტოვე ქვეყანა, მაგრამ უკან დავბრუნდი.

– რა განსხვავებაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?

– როცა ადამიანი საკუთარ სულს კვებავ, მაშინ ცხოვრობ..ბედნიერი ხარ. ადვილია შენთვის ცხოვრება.

– ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ, რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

– შევძელი კი იმის გაკეთება რაც დარჩება?

 – რაში არ გენანებათ ფულის დახარჯვა?

– საღებავებში,ტილოში,ჩარჩოებში.

– ადგილი, სადაც სიმშვიდეს მოიპოვებთ..

–  მთები.

– ვთქვათ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი რამ შეცვალოთ სამყაროში – რას შეცვლიდით?

– ომი რომ არასდროს ყოფილიყოს.

–  მოზარდობის ასაკში ვინ იყო თქვენი კერპი, იდეალი?

–  პოეტი გრიგოლ ჯულიხიძე. ვიცნობდი მსახიობს გურამ ფირცხალავას. მუხრან მაჭავარიანს. ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე წავიკითხე მისი ლექსი “ორი ცრემლიდან “..მახსოვს ბატონი მუხრანის სიტყვები: ” ეს ლექსი ჯერ ასე არავის წაუკითხავსო და მადლობა გადამიხადა…ვიყავი პირველი კურსის სტუდენტი მაშინ.

 – როგორ იქცევით თავხედ ადამიანთან?

– ვცდილობ არ შევიმჩნიო მისი თავხედობა.დუმილით ვპასუხობ .გამოცდილებიდან გეტყვი რომ ეს ადამიანი შემდეგ დაფიქრებულა.არ ვარ კონფლიქტური.არ მიყვარს აგრესიული ადამიანები.ვცდილობ მათგან შორს ვიყო რომ უარყოფითად არ დავიმუხტო.

– დაასრულეთ: “არასდროს არის გვიან…”

– “არასოდეს თქვა არასოდეს”. არასდროს არის გვიან დაიწყოთ ხატვა..პაბლო პიკასოს აქვს ასეთი ფრაზა: “ყოველი ბავშვი მხატვარია, რთული ის არის, რომ დარჩეს მხატვრად მას შემდეგ, რაც გაიზრდება.”

– რას უსურვებდით ადამიანებს?

– მეტ პოზიტივს, სიყვარულს და ერთმანეთის გატანას.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

 

კომენტარები