„ბოლო კვირების განმავლობაში დიდი მოცულობის მიწის მასა მოვხსენით“- ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა:

-„ვაშლიჯვრის ფერდზე, მეწყრულ ზონაში ბოლო კვირების განმავლობაში დიდი მოცულობის მიწის მასა მოვხსენით, ეს გულისხმობს მეწყრის ტანის შემცირებას. ამის მიზანი იყო, უშუალოდ მეწყრული არეალიდან შეძლებისდაგვარად მოგვეხსნა დატვირთვა. მოჭრილი მიწის მასით შეიქმნა ე.წ. წინაღობე, კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, ხახუნის ძალა კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ასევე დავაყენეთ დეტალური მონიტორინგის სისტემა და შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ იქ არსებული მდგომარეობა.

გერმანელი ექსპერტებმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა ვაშლიჯვრის ფერდობზე ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს.

-„ბოლო დღეებში მიმდინარე სამუშაოები გერმანელი სპეციალისტების მიერაც დადებითად შეფასდა. ზოგადად, სამუშაოები ორ ნაწილად გვაქვს დაყოფილი: პირველი – გადაუდებელი აუცილებლობა რაც იყო, მეორე კი სტაბილიზაცია და კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევინარჩუნოთ. შესაბამისად, დავგეგმეთ უკვე შემდეგი ტიპის სამუშაოები, რისთვისაც საჭირო არის კონკრეტული, დეტალური პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში გვექნება და ამ პროექტის მიხედვით დავიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს. ეს სამუშაოების პირველი ნაწილი გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ..

ირაკლი ბენდელიანი ნაპრალის ამოვსებასთან დაკავშირებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა:

-„გამოდიან და გვეუბნებიან, – მოსახლეობას საფრთხე ემუქრება, თან გვეუბნებიან, არაფერი უნდა გაგვეკეთებინა და უნდა ვმდგარიყავით, გვეყურებინა ამ მეწყრისთვის. თქვენ იცით,  უშუალოდ მეწყრის ქვედა ნაწილში სამი დიდი დიამეტრის წყალსადენ გადის, რომელიც დედაქალაქის დიდ ნაწილს ამარაგებს. ყველა რისკი ერთობლიობაში შეფასდა და სწორედ ამიტომ დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. რას ნიშნავს გადაუდებელი? როდესაც არის ფორს-მაჟორი, არ გაქვს თვეები და წლები იმისთვის, რომ დავიწყოთ დეტალური კვლევები, პროექტირება და ამის შემდეგ დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ამაზე არავინ დავობს, რომ კვლევაც საჭიროა, პროექტირებაც საჭიროა, ექსპერტიზებიც საჭიროა და მით უმეტეს, ამ მასშტაბის სამუშაოებზე ამის შემდეგ უნდა მოხდეს ყველაფერი. თუმცა ეს უკვე ის ეტაპი არის, როდესაც რისკები უკვე თითქმის მოხსნილია, მინიმუმამდე არის დაყვანილი. შესაბამისად, გაცილებით უფრო ბევრი დრო გვაქვს დღევანდელი გადმოსახედით, იმისთვის რომ აქ უკვე შემდგომი სამუშაოები დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული პროექტირების საფუძველზე“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

კომენტარები