ბრაზილიის ერთ-ერთი შტატის გუბერნატორმა აღიარა ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოსყიდვა

ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროს ყოფილმა გუბერნატორმა სერჟიუ კაბრალმა განაცხადა, რომ მოისყიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები, რათა მათ ხმა მიეცათ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების, რიოში ჩატარებისათვის.

ბრაზილიური მედიაკორპორაცია “O Globo-ს” თანახმად, მოსასყიდად მთლიანობაში დაიხარჯა 2 მილიონი დოლარი. თანხა შუამავლების ხელით გადაეცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელს ლანმინე დიაკას და მის შვილს. მოლაპარაკებაში, კაბრალის თქმით, მონაწილეობდა ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კარლუშ არტურ ნუზმანი.

მთლიანობაში მოისყიდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 9 წევრი, მათ შორის კაბრალმა დაასახელა ცურვაში ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი რუსი ალექსანდრ პოპოვი და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი ჭოკით ხტომაში, უკრაინელი სერგეი ბუბკა.

მათ ამ ბრალდებებზე ჯერ რეაგირება არ მოუხდენიათ. ნუზმანის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ კაბრალი ცრუობს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყნად რიო-დე-ჟანერიო შეირჩა 2009 წელს. მას უპირატესობა მიანიჭეს ისეთი ძლიერ პრეტენდენტებს შორის, როგორიც არის ტოკიო, მადრიდი და ჩიკაგო, ამ უკანასკნელს მძლავრად ლობირებდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.

 

 

კომენტარები