ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – დროულად ჩაუტარეთ ცხოველებს ვაქცინაცია
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრები დაიწყო და მიმდინარეობს. ცხვრის და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება.
დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90 ათასამდე სული საქონელი.
ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ითანამშრომლონ ვეტერინართან, დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია, თავიდან რომ აიცილონ დაავადების რისკი.
ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია) ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.
2016 წლიდან დღემდე, ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 7 21 391 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 2018 წლის შემდეგ კი, ვაქცინაცია 257 706 სულ წვრილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა.