ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბუსა ჟვანიასთვის ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა, –  დაცვის მხარე 50 ათას ლარიან გირაოს.

ბუსა ჟვანიას პროკურატურამ ბრალდება 3 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

-„სხეულზე აღენიშნება გარკვეული დაზიანება, თუმცა ჩასატარებელია ექსპერტიზა, დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით.

გამოძიება საწყის ეტაპზეა, თუმცა იმ სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია,  – პირს წაეყენოს ბრალდება, სახეზეა.

პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება ბ.ჟ -ს ლ.თ -ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ბრალდება დაკვალიფიცირებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ითვალისწინებს. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე ბრალდებული ბ.ჟ -ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალები, ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ ეტაპზეა მოპოვებული რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მიერ იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და აგრეთვე, რაც მთავარია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის დასაბუთება. შესაბამისად ბრალდებულის მიმართ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. გამოძიება არის საწყის ეტაპზე. თუმცა იმ სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია, რომ პირს წაეყენოს ბრალდება, ამ შემთხვევაში ნამდვილად სახეზეა. აქ საუბარია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულ მტკიცებულებებზე, მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე და ა. შ. მოტივს რაც შეეხება გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი იმისთვის, რომ არ მოგაწოდოთ არასწორი ინფორმაცია. სხეულზე აღენიშნება გარკვეული დაზიანება, თუმცა ჩასატარებელია ექსპერტიზა და დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით შემდგომ გაგცემთ პასუხს“,- განაცხადა ლევან თოფაძის საქმის პროკურორმა თამარ ყურჯანიშვილმა.

ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული ბუსა ჟვანიას ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

-„ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს. მისი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ვიცით, რომ გამოძიება სხვა მუხლით დაიწყო, შემდგომ კვალიფიკაცია შეიცვალა, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს, ბევრი გარემოება დაუზუსტებელია, მათ შორის, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და ა.შ.

ბატონ გოგის პატივს ვცემ, მაგრამ იმაზე საუბარი, ვინმე თავს იძვრენს, სიმართლეს არ შეესაბამება, – ბუსაც იმავე საავადმყოფოში იყო. აქედან გამომდინარე, არავინ არსად გარბის. ბუსას დაზიანება მუცლის არეში აქვს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, თბილისში, 2 აგვისტოს დაჭრეს, საქმეზე შსს-მ ბ.ჟ.დააკავა.

 

კომენტარები