გადატრიალების „დეჟა ვიუ,“ ანუ, ეს სცენარი მე ადრე ვნახე!
უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ჩაიშალა. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქცია თავდაღმართში დაქანდა. უკვე დროის საკითხია, საბოლოოდ როდის და რა ფორმით დასრულდება, მაგრამ, თავიდანვე, როგორც კი პარლამენტის წინ თავშეყრილი ეგზალტირებული ბრბო ვიხილე, რომელიც პოლიციელებს ბოთლებს და ქვებს უშენდა, საჯაროდ დავწერე – სპონტანურ უკმაყოფილებასთან კი არა, საქმე ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან გვაქვს მეთქი და არც შევმცდარვარ. ნათელმხილველი არ გეგონოთ… მაგრამ, მე ეს სცენარი ზეპირად ვიცი. ეს ნაცების რეჟიმის სწორედ ის სცენარია,რომლის მიხედვით პირადად მე – 2006 წელს შეიარაღებული გადატრიალება დამაბრალეს და 5 წლით ციხეში მიკრეს თავი, ახლა კი, ამ სცენარით თავადვე შეუდგნენ მოქმედებას.
მკითხველო, კითხვის ნიშნები რომ არ დაგრჩეს, ნება მიბოძე, ნაცების მიერ ჩემთვის გამოტანილი განაჩენიდან ერთი ეპიზოდი შეგახსენო, სადაც შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებაა გამოკვეთილი:
„გეგმის თანახმად, დათქმულ დღეს მოხდებოდა სახელმწიფო კანცელარიაში შეჭრის იმიტაცია, რის საპასუხოდაც, იგორ გიორგაძის მიერ წინასწარ გადაბირებული სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სპეცრაზმელები ცეცხლს გაუხსნიდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს,რასაც მოყვებოდა უდანასაულო ადამიანების დახვრეტა და ეს ფაქტი გახდებოდა ბიძგი მასშტაბური ამბოხებისა, მასობრივი არეულობის, უწესრიგებოისა და სახალხო მღელვარების დასაწყებად, რა დროსაც, სათანადოდ აღჭურვილი სულ მცირე – 1000 კაცი მომიტინგეთა დაცვის საბაბით გამოვიდოდა თბილისის ქუჩებში და სეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდა სამართალდამცავ ორგანოებს, დაიკავებდა სახელმწიფო კანცელარიას, პარლამენტს, განსაკუთრებული დანიშნულების სამთავრობო დაწესებულებებს, ხელში ჩაიგდებდა სატელევიზიო ანძას, იზოლაციაში მოაქცევდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, რომელთაც სიცოცხლის ხელყოფის რეალური მუქარით აიძულებდნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.
იმავდროულად, სამართალდამცავი ორგანოების პარალიზების მიზნით, მოახდენდნენ საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ლიკვიდაციას, არაკონსტიტუციური, ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირები არ უნდა ყოფილიყვნენ გაიგივებულნი პარტია „სამართლიანობასა“ და მოძრაობა „ანტისოროსში“ გაწევრებულ სხვა ორგანიზაციებთან. მეტიც – ისინი ღიად და ცალსახად გაემიჯნებოდნენ, მკვეთრად გააკრიტიკებდნენ და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდნენ, გააკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომ უშუალოდ ხელისუფლებამ მიიყვანა ადამიანები პროტესტის უკიდურეს ზომამდე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.“
– გეცნო სიუჟეტი, მკითხველო? პოლიცია, რომელიც პარლამენტის კარიბჭესთან 3 საათის განმავლობაში თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბოლოს, ღებულობს კანონის ფარგლებიდან გასული აქციის დაშლის დავალებას, იყენებს კანონით დაშვებულ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს… მაგრამ მოულოდნელად, ვიღაცის აშკარად პროვოკაციული დავალებით, სპეცრაზმელების ნაწილი რეზინის ტყვიებს უშენს მომიტინგეებს, როცა აქცია თითქმის დაშლილია და ამისი საჭიროება პრაქტიკულად, აღარ არსებობს!
რაც ამის შემდეგ ხდება, ეგეც გეცნობათ – დილიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში კეტებით, დანებით და ჯაჭვებით აღჭურვილი ახალგაზრდების ჯგუფები დაძრწიან, რომლებიც მოსალეობას აივნბზე ქვებს ესვრიან, ქუჩაში მანქანებს აყირავებენ და ამსხვრევენ. ქალაქში ქაოსია! წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო, ეს აგრესიული ბრბო მართლაც რომ შეჭრილიყო პარლამენტში!
აუცილებლად დაიწყებოდა ნაცების გეგმის მეორე ნაწილის აღსრულებაც! უკვე, ამ მოვლენებიდან გამომდინარე, რჩება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მომიტინგეებს რეზინის ტყვიები სახეში სულაც, ნაცების მიერ მოსყიდულმა სპეცრაზმელებმა დაუშინეს, რათა ხალხი მაქსიმალურად გაეშმაგებინათ და რევოლუციური სცენარისკენ ებიძგათ! სააკაშვილს საამისოდ საუკეთესო გამოცდილება გააჩნია – 2014 წელს კიევში მაიდანზე ზუსტად ასეთი სცენარი განხორციელდა, როცა კიევის ხუნტა საკუთარ მომხრე მომიტინგეებს ტყვიები დაუშინა, ოღონდ, რეზინის კი არა, არამედ – ნამდვილი ტყვიები, რასაც უზარმაზარი მსხვერპლი მოყვა! უკვე მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ამ სისხლიანი მოვლენების ორგანიზებაში მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა!
არავინ იცის, ყელამდე სისხლში მყოფ სააკაშვილს კიდევ რა შმაგი იდეა მოუვლის თავში, გამორიცხული არც ის არის, რამდენიმე თვალსაჩინო საკუთარი მომხრე თავდვე გაისტუმროს საიქიოს, რათა რევოლუციური განწყობა გაამძაფროს და ბრბოს ენერგია ძალაუფლების დასაბრუნებლად გამოიყენოს! ხოლო ამის მერე როგორ გაუსწორდება იმ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც თავის დროზე ტირანი ძალაუფლებას მშვიდობიანად ჩამოაშორა – უკვე თქვენთვის მოგვინდია, მკითხველო!
დღეს, როგორც არასდროს – აქტუალურია საზოგადოების ზუსტი ინფორმირება მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. ტირანი არ დამცხრალა, ტირანს კვლავ სისხლი სწყურია. ქართველო სამოქალაქო საზოგადოებავ, არ დაუშვა საქართველოში სააკაშვილის ბინძურ ჩანაფიქრთა განხორციელება!
ზაზა დავითაია