გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებს

20-21 ივლისს ზუგდიდში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებს.
ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმღვანელი იენი რატილაინენი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქეთევან ქვარცხავა გახსნიან.
ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები მიიღონ , ტურიზმისა და მერკეტინგის ექსპერტებთან, რომლებსაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების პერსპექტიული ხედვები აქვთ, სამომავლო კონტაქტი დაამყარონ. ექსპერტებისა და ქალი მეწარმეების სამომავლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესების, ისე რეგიონული ტურიზმის განვითარებას.
მთავარი გზავნილი – „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. ფორუმი ნორვეგიისა და აშშ-ს მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი ორი რეგიონული ფორუმი ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.

კომენტარები