გაიცანით ეკატერინე ხმიადაშვილი, ახალგაზრდა ხატმწერი:

 

ის მულინის ძაფებით ხატავს, მისი ნამუშევრები ძალიან ლამაზია და აღიქმება აღიქმება როგორც 3D, ანუ არა სიბრტყეში, არამედ, სივრცეში. ხელოვნების ამ დარგის წარმომადგენლები საქართველოში ძალიან ცოტანი არიან. იმის მიუხედავად, რომ შემოქმედისთვის ძაფებით ხატვა დიდი სიამოვნებაა, ის პედანტურად შესასრულებელი ელემენტების გამო საკმაოდ დიდ შრომასთან და გონების დაძაბვასთან  არის დაკავშირებული. სამაგიეროდ, იქმნება პროდუქტი, რომელიც მნახველს განუზომელ ესთეტიურ ტკბობას ანიჭებს!

-ეკა, სად ისწავლეთ მულინის ძაფებით ხატვა?

–   საჯარო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, თან ფუნჯით ვხატავდი და ვქარგავდი,როცა თბილისში ჟენევიდან ამ დარგის პროფესიონალი ჩამოვიდა. როცა შემახვედრეს, ჩემი სტილი ძალიან მოეწონა და მითხრა – მე შენ საუკეთესო ხელოვნებას უნდა გაზიაროო. წელიწადნახევარი გავატარე მის გვერდით, ვიდრე თბილისთან კონტრაქტი დაუმთავრდებოდა. სულ, 2 მოსწავლე ვყავდით. ამასობაში, სრულყოფილად შევისწავლე ეს ხელოვნება.

– როგორ იქმნება ნახატი ძაფებით?

– საჭიროა მულინის ფერადი ძაფები, მაღალი ხარისხის წებო, ზოგჯერ, სპეციალური პულველიზატორის ლაქიც, რომელიც ფერების კონტრასტს აძლიერებს; ასევე ტილო – რაზეც ნახატი უნდა შეიქმნას. შტრიხებს ვქმნი სპეციალური, ყაისნაღის მსგავსი ხელსაწყოთი: ვიღებ შესაბამისი ფერის ძაფის ბღუჯას, ვალაგებ და ვაწებებ ტილოზე საჭირო ფორმით და ამგვარად ვქმნი კომპოზიციას. ვხატავ ყველაფერს, რაც შიძლება საღებავითაც დახატულიყო: ნატურმორტს, პეიზაჟს, პორტრეტს, ბავშვებს… ოღონდ, რა თქმა უნდა, ძაფებით შესრულებული ნახატი სრულიად განსხვავებულია. ეს დიდი ხელოვნებაა!

ვწერ ხატებსაც, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. როცა ბედი გამიღიმებს ხოლმე და ხელთ მასალის შესაძენად საკმარისი თანხა მივარდება, ძირითადად, შეკვეთებს ვასრულებ.

შემიძლია, კონკრეტული ნახატი ნიმუშად დავიდო და გადავხატო, ან ჩემი სურვილის და მუზის შესაბამისად შევქმნა კომპოზიცია, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი ფუფუნებაა, ვინაიდან მატერიალურად შეჭირვებულს, ხატვისთვის საჭირო მასალის შეძენის საშუალება არ გამაჩნია. ბავშვებს უამრავი რამ სჭირდებათ, ბინის ქირის გადახდაც ძალიან მიჭირს. ამიტომ, ვხატავ მაშინ, როცა შემკვეთი მაძლევს შეკვეთას.

 – რას გახატინებენ ხოლმე?

– ხატებს, ბინის ინტერიერის შესაბამის კომპოზიციებს, საკუთარ შვილებს, პეიზაჟებს, მულტიპლიკაციური ფილმების გმირებს…  ჩემი ნამუშევრები საუკეთესო საჩუქარია ქორწილში ან დაბადების დღის სამახსოვროდ, ან შეყვარებულისთვის მისართმევად. ხატის დასაწერად უფრო დიდი ძალისხმევა და დროა საჭირო, რადგან კანონიკური ელემენტები უნდა იყოს დაცული. ხატს ზოგჯერ, 3 კვირა ვუნდები, მაშინ, როცა ჩვეულებრივ ნახატს რამდენიმე დღეში ვასრულებ. თექა და გობელენი ხომ ძალიან ლამაზია… არანაკლებად ლამაზია მულინის ძაფებით შესრულებული ნახატი! მდიდრული და შთამბეჭდავი იერი აქვს.

მხატვარ ქაიხოსრო ივერიელის ნახატი ეკა ხმიადაშვილმა მულინის ძაფებით გადახატა

 – რა ღირებულების არის თქვენი კომპოზიციები?

– ძალზე იაფად ვხატავ. 80/60 -ზე ფორმატის ჩემი ნახატი 200 ლარამდე ღირს. აქედან, დაახლოებით 100 ლარი მასალის შესაძენად მეხარჯება. შემიძლია, უფრო დიდი ან მცირე ზომის კომპოზიციებიც შევქმნა და ფასი ზომაზე, ფერთა პალიტრაზე და კომპოზიციის ხარისხზეა დამოკიდებული. შეიძლება, კონკრეტული შტრიხის შექმნას სულ რაღაც 10 გრამი ძაფი დასჭირდეს, მაგრამ ფერები აუცილებლად, სხვადასხვა უნდა იყოს, ნახატი ხარისხიანი რომ გამოვიდეს. რაც მეტი ფერი გამოიყენება, მით მაღალი ხარისხის ჩანს პროდუქტი. ჩემი ფასი ღიმილისმომგვრელია ევროპაში შექმნილი ანალოგიური პროდუქციის ფასთან შედარებით… მერწმუნეთ – ღირს! კომპოზიციას რომ შეხედავთ, ცოცხალივით გამოიყურება!

– ამჟამად რას ხატავთ?

– სამწუხაროდ, ვერაფერს… რადგან მასალის შესაძენი თანა არ მაქვს… ფული რომ მქონდეს, მასალებს შევიძენდი და საკუთარი შთაგონების კარნახით შევქმნიდი  კომპოზიციას. თუ საშუალება მექნება… უახლოს მომავალში ვაპირებ, მულინის ძაფებით დავხატო ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქი, გამოვსახო იმგვარი, როგორიც ახლა ბრძანდება!

ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ღვთისნიერი ადამიანები შეკვეთებს მომცემენ. ამგვარად მე და ჩემს შვილებსაც დაგვეხმარებიან, თანაც, ულამაზესი კომპოზიციაც შერჩებათ, რითაც უკვე, მათთვის ძვირფას ადამიანებს გაახარებენ!

 

ეკა ხმიადაშვილს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/eka.maisuradze.1441

ან, ტელეფონით:

571-14-22-25

მიეცით შეკვეთა და გაახარეთ ერთდროულად მისი შვილებიც და ძვირფასი საჩუქრით  – თქვენთვის ძვირფასი ადამიანებიც!

კომენტარები