“გაიხსენე, რამდენი გიჩიჩინე – სტაციონარში დაწექი-მეთქი, არაო, მითხარი…” – დავით კობეშავიძის ემოციური მიმართვა გარდაცვლილ მეგობარს:

ცნობილი ქართველი გინეკოლოგის, ზაზა იმერლიშვილის კორონავირუსით გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა…
“იმედის კლინიკის” დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, პროფესორი, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” მრჩეველთა საბჭოს წევრი დავით კობეშავიძე გარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს ემოციური პოსტით მიმართავს:
 – შენი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა! ვერ აღგიწერ რამხელა დანაკაგია შენი წასვლა ყველასთვის! შენი დისთვის, დისშვილისთვის, ჩვენთვის – შენი მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის, პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. წასვლაც არის და წასვლაც… სულ მგონია, რომ სადღაც წახვედი. ბორჯომში მაგალითად, დასასვენებლად ან გურჯაანში ჩვენს ძმაკაცთან ერთად გადააბი ქეიფი… რომ იცოდე რა მტანჯველია ჩემთვის საკონფერენციო დარბაზში შენი ცარიელი სკამის ხილვა, სულ მგონია გააღებ კარს და შემოხვალ. მერედა, როგორ ამშვენებდა შენს მიერ გამართული ქართულით წარმოთქმული რეპლიკა, პროფესიონალიზმით განმსჭვალული აზრი. წახვედი ისე მოულოდნელად, დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი და ესეც ძალიან მტანჯავს.
დამირეკე, დათო, ტესტი გავიკეთე დადებითი ვარო, ცოტახანი სამსახურში არ ვივლიო, აბა, გაიხსენე რამდენი გიჩიჩინე – სტაციონარში დაწექი-მეთქი, არაო, მითხარი, ამას მე ვიცი რაც უნდაო… არ გცოდნია ჩემო ზაზა! არ გცოდნია!
37 წელია გიცნობ და ეს იყო შენი ერთადერთი და საბედისწერო შეცდომა.
იმდენი რამ მახსენდება, წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ მთავარი მინდა გითხრა: შენი წასვლით ბევრი დავკარკე მე, კლინიკამ, საზოგადოებამ და ზოგადად ქვეყანამ. ეს რამხელა, რა ბუმბერაზი კაცი ყოფილხარ! ბარაქალა შენს კაცობას! მე კი, ისღა დამრჩენია ვილოცო შენი სულისთვის, ვიარო შენს საფლავზე, რასაკვირველია, ღვინის თასით ხელში, აბა ისე შენთან მოსვლას როგორ გავბედავ!
ღმერთმა ნათელში გამყოფოს ძმაო.
ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა:

იმ კაბინეტს სადაც შენ მოღვაწეობდი, შენი სახელი ეწოდა, იქ არავინ ზის და ასე იქნება მანამ, სანამ მე ცოცხალი ვარ!

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია, ბურთი მეჩხირება ყელში… ხომ გესმის ჩემი, ჩემო ზაზა!
პირდაპირ გეტყვი ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ბიჭო და, ძალიან მენატრები!
მადლობა ძმაკაცობისთვის, გვერდში დგომისთვის, ამ ქვეყანაზე ერთად გატარებული თითოეული წამისთვის, რომელიც ჩემთვის ესოდენ ღირებულია!
ღრმად მწამს და ზუსტად ვიცი, შენ ყოველთვის იქნები ჩვენთან და ჩვენს გვერდით, ჩემთან და ჩემს გვერდით!

მარად შენი ძმა, დავით კობეშავიძე

კომენტარები