„გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული“

ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმ. ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული, ტკბილი ენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხონებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და თაყვანი სცა. ბერმა მიჰხედა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მან მიუგო, წმ. მამაო, მოვედი, რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთანო. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია, ამ მამების წინაშე აღიარეო. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლები სდიოდა.
აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა, შვილო, რომ ანგელოსის სქემა შეიმოსო? კაცმა უპასუხა, დიახ, წმ. მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც კი მოვიმზადეო… წმ. ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმ. სქემით შემოსა, აჩვენა გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხონებლადო. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს.
გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოსი ედგა ელვარე სახით და ნათელივით სპეტაკი სამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოსი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა. და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდვილს რაღა უფლება მაქვს სინანული და კანონი დავუწესო. თან იგი, თავისი სინდისისაგან მხილებული, ისედაც წმინდა გულით ინანებს მუდამო.
ეს რომ ისმინეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე.

კომენტარები