„გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს,- ნიკა მელიას საქმეს ჩამოსცილდეს პოლიტიკური მდგენელი და შემდეგ შეფასებებიც შეიცვლება“-დავით სერგეენკო
-„აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის საგულისხმო ფრაზა, -ნატო-სკენ მიმართულების გზაზე უკან დაიხია საქართველომ, ნატო-სკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, თუმცა, ერთადერთი სწორი გზაა საქართველოსთვის და ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონია წინსვლაც და უკან დახევაც. მაგალითად, -2008 წელს. რაც შეეხება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, უბრალოდ შეხსენებას გავაკეთებ, – უკლებლივ ყველა მათგანი, მოუწოდებდა ოპოზიციას შემოსულიყო პარლამენტში, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მოწოდება სრულად ყურად არ იყო მიღებული.
გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, – ნიკა მელიას საქმეს ჩამოსცილდეს პოლიტიკური მდგენელი, მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში იყოს მსჯელობა. ვფიქრობ, ეს საკითხი ამ მიმართულებით უნდა დაიწრიტოს, შემდეგ შეფასებებიც შეიცვლება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.