განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.
საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად დაესწრო.
რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად პროექტი, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა. დედაქალაქს კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა.
„დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავიდან იყო გარკვეული პრობლემები ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით. კომპანიამ, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები და მოგვიწია ახალი კომპანიის შემოყვანა. იყო გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველაფერი განახლებულია. აღდგენილია შადრევანი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. ასევე, მოწესრიგდა გარე განათების სისტემა და ბაღის ტერიტორია ახალი ნარგავებით გამწვანდა. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.
დაიგო 1000 მ2 რულონური ბალახი, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.
მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს.

კომენტარები