გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა

ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მასშტაბური პროექტი – უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ სიმძლავრის გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური ამუშავდა.

პროექტი არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად, ახალი თბოელექტროსადგური უზრუნველყოფს იმპორტირებული ელექტროენერგიის არსებით შემცირებას.

პირველად საქართველოში, ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. „ნულიდან გაშვების ფუნქციით“, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

თბოელექტროსადგურის მუშაობა არ არის კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული და შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგია პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პიკური მოხმარების პერიოდში.

მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა.
განხორციელდა 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია.

გარდაბნის თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით.

თბოელექტროსადგური გარემოს დაცვით მნიშვნელოვან ეფექტსაც უზრუნველყოფს – მისი ოპერირებისას დაახლოებით 250 ათასი ტონით შემცირდება მავნე ემისიები, გარდაბნის „ძველ“ ბლოკებზე იმავე რაოდენობის ენერგიის წარმოების შემთხვევასთან შედარებით.

 

კომენტარები