გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის მამას პატიმრობა შეეფარდა- „უნდა დაისაჯოს!  – ტყუილია, თითქოს როცა მეუღლემ ღუმელი მესროლა, ბავშვი ავიფარე“- გარდაცვლილი ჩვილის დედა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც,  მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია – ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა თეონა ონიაშვილი დაკავებული მეუღლის, ზურაბ შავლიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სამართლიანად მიიჩნევს:

-„შვილი მომიკლა, წიწილა ხომ არ არის? 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე. მოსამართლეს ვეთანხმები, უნდა დაისაჯოს!  ჩვილმა დაზიანებები თავის არეში იმ დროს მიიღო, როცა  მეუღლემ ანთებული ღუმელი მესროლა. ამბობენ, რომ ბავშვი ავიფარე – ეს ტყუილია. ანთებული თუმელი რომ მესროლა, უცბად ღუმელის კარი გაიღო და ბავშვს თავში მოხვდა. ცოტა სუნთქავდა, როცა მეზობელთან გავიყვანე, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ დაიღუპა”.

 9 მარტს გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი  ამ დროს დედას ხელში ეკავა, 11 თვის ჩვილი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს:

-„საქართველოს პროკურატურამ გურჯაანში მომხდარი არასრულწლოვნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ზ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების საწყის ეტაპზე დადგინდა, რომ 9 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია, -ძალადობის დროს ზ.შ.-მ მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის შვილი ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მცირეწლოვანს.

დანაშაულის ჩადენის დროს ზ.შ.-მ სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ 11 თვის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ზ.შ. 9 მარტს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,117-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ და მეხუთე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ), 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდგომ, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მოხდება დამატებითი მსჯელობა ბავშვის გარდაცვალების ნაწილში ბრალდებულის ქმედების საბოლოო კვალიფიკაციის საკითხზე.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“.

კომენტარები