„გასულ პერიოდში 1 200 საწოლი გვქონდა მობილიზებული, – ამ ეტაპზე ამდენის საჭიროება არ არის, 680 საწოლი არის“ – თამარ გაბუნია

-„გასული სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჰოსპიტალურმა სექტორმა სერიოზული გამოცდა გაიარა. ჰოსპიტალური სექტორის მომზადება დიდი ხანია, დავიწყეთ, ეპიდემიის პირველივე დღეებიდან. მართალია, პაციენტების დიდი რაოდენობა  არ იყო, თუმცა ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო, რომ მომზადდა ქსელი ანუ გამოცდილება შეიძინეს.

ასევე შეიქმნა პირადი დაცვის საშუალებების მარაგები, ინფექციის კონტროლის პირობები გაუმჯობესდა, ასევე განახლდა აღჭურვილობა, განსაკუთრებით სუნთქვის აპარატების მობილიზება მოხდა დამატებით. დღეს ჩვენ მობილიზებული გვრჩება 680 საწოლი, გვრჩებას ვამბობ, რადგან გასულ პერიოდში 1 200 საწოლი გვქონდა მობილიზებული. ამ ეტაპზე ამდენის საჭიროება არ არის, 680 საწოლი არის მობილიზებული მხოლოდ „კოვიდის“ და ცხელების მიზნებისთვის. დღეს დაახლოებით 60%-მდე არის დატვირთული ამ საწოლების.

ასევე ვმუშაობთ საკარანტინო სივრცეებში პაციენტების მეთვალყურეობის მოდელის ამოქმედებაზე, დღეს და ხვალ ეს მოდელი ამოქმედდება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, რაც იმას ითვალისწინებს, რომ მსუბუქი პაციენტები, რომლებსაც შეეძლოთ, ბინაზეც ემკურნალათ, ბინაზე დარჩენის ნაცვლად საკარანტინო სივრცეებში იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ. ბევრ მოქალაქეს არ აქვს უბრალოდ ბინაზე იმის პირობები, თვითიზოლაციაში იყოს და მიიღოს  შესაბამისი მეთვალყურეობა. ის გადავა საკარანტინო სივრცეში, სადაც 24 საათის განმავლობაში სამედიცინო ბრიგადები მორიგეობენ და მათ გაუწევენ მეთვალყურეობას.  ქვეყანაში ტესტების საკმარისი მარაგია.

მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ტესტების შესყიდვის მექანიზმი სრულად გამართულია. ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს მილიონამდე ტესტის შესყიდვა რაც სრულად დაფარავს ჩვენი ტესტირების საჭიროებებს წლის ბოლომდე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები