გაუქმდა დოკუმენტი, რომელიც ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის დაწყებას გულისხმობდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ბრძანებით, გაუქმდა დოკუმენტი, რომელიც ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის დაწყებას გულისხმობდა.
ამასთან, მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი.
მისივე განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“-ზე არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.
„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“ – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.
„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით დასრულებული 70 მილიონ ლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა“ – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან. „
„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყება.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.
ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება.