„გახარიას პარტია აირჩევს კონფიგურაციას, რომელსაც არ ერქმევა „არც ბიძინა და არც მიშა… ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან უჭირთ“ -ზვიად ძიძიგური

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ განაცხადა:

„ბიძინა ივანიშვილის წერილი იმის ლუსტრაცია იყო, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“. ბიძინა ივანიშვილის წერილი ამბობს, –  მათ 43%-ის აღების ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ. „ქართული ოცნების“ რიგებში ძალიან სერიოზული გადინების პროცესია დაწყებული, ეს ადამიანები ძირითადად გიორგი გახარიას პარტიას ირჩევენ. სწორედ ამით აიხსნება მმართველი ძალის რიტორიკა, – „გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გახარიას პოლიტიკაში გამოჩენამ. პოლიტიკურ სივრცეში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დარჩა, რომელიც ამას არ გამოხმაურებია და უარყოფითად არ გამოუყვანია. ხელისუფლება გონზე არ არის, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, – „გახარია არის „ნაციონალებთან“ შეკრული“, ამიტომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა არ უნდა იფიქროს, – გახარიას დაუჭიროს მხარი, – ეს არის ამ წერილის მთელი არსებობის არსი. ამით კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, მისი პოლიტიკიდან წასვლა რეალობისგან ძალიან დაშორებულია. ეს წასული კაცის მიერ დაწერილი განცხადება არ არის, ძალიან რომ გაუჭირდათ, ეს იმიტომ გააკეთეს.

გახარია ელექტორალური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“, მათი ამომრჩევლისთვის ძალიან სწორი ტექსტები აქვს გიორგი გახარიას. გახარიას პარტია აირჩევს კონფიგურაციას, რომელსაც არ ერქმევა „არც ბიძინა და არც მიშა“ ამ შემთხვევაში მათ, როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ასევე, „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის წარმომადგენლების მხარდაჭერაც ექნებათ.

ვფიქრობთ,  საქართველოში მომწიფებულია სიტუაცია, –  პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს ძალა, რომელსაც არ ერქმევა არც ბიძინა და არც მიშა, ასეთი ტიპის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას გიორგი გახარია შეუწყობს ხელს, ამ შემთხვევაში გვექნება აზრთა გაზიარება. მაგრამ, გახარია მხოლოდ თავისი პოლიტიკური პარტიის ირგვლივ თუ შემოიფარგლება – ყველას მინუს ერთი ასე იქნება და მოუწევს მთელ პოლიტიკურ სპექტრთან დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, ამას არა მხოლოდ ზვიად ძიძიგური, არამედ „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის წარმომადგენლებიც დაუჭერენ მხარს, ის ხალხი, ვინც 2011-12 წლებში ვიყავით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩემს ძველ თანაგუნდელებთან გვქონია კონსულტაციები ასეთ კონფიგურაციაზე, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაზე, ვფიქრობ, ეს არის ღუზა, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან“.

კომენტარები