გოგლა ჟვანია: გეი-პრაიდის” ორგანიზატორებიც და მათი მოწინააღმდეგეებიც, თავიანთი დამფინანსებლის საამებლად მოქმედებენ
“პრობლემებზე როდესაც ვფიქრობ, ნამდვილად არ მახსენდება არც გეი-პრაიდებისთვის და არც მათ წინააღმდეგ მებრძოლნი, რადგანაც არც საკითხი მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, ხოლო მოქმედ პირთაგან, არც ერთნი არიან შეწუხებულნი ადამიანთა უფლებებით და არც მეორენი ჩვენი ერის ღირსებით,” – ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქვეყანაში, სხვა გაცილებით მძიმე გადასაჭრელი საკითხებია, ვიდრე “დამფინანსებლის საამებლად მოქმედ მხარეთა” პრობლემები:
“ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ღირსების შემლახავია:
ჩვენი ხალხის აუტანელი სიღატაკე, ნაგვის ბუნკერებში ჩამძვრალი მოხუცები და მაწანწალა ბავშვები, ოჯახებიდან საზღვარგარეთ საშოვარზე წასული დედები, ფუნქციადაკარგული კაცები და ფაქტობრივად დაშლილი ოჯახები, უკონტროლო იმიგრაცია, მოწამლული საჭმელ-სასმელი, ჰაერი და სათამაშოები, ნარკოტიკებში და კაზინოებში გადაყრილი მილიარდები და ამის შედეგად წაქცეულ-დაბეჩავებული ადამიანები, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან გამოყრილი ადამიანები, უწამლო ავადმყოფები, უგულო ჩინოვნიკები, მოშლილი განათლება და თავის ქვეყანაში პერსპექტივადაკარგული ახალგაზრდობა, ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკოსთა ფლიდობა და უზნეობა.
სამწუხაროდ, ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, პრობლემებზე როდესაც ვფიქრობ, ნამდვილად არ მახსენდება არც გეი-პრაიდებისთვის და არც მათ წინააღმდეგ მებრძოლნი, რადგანაც არც საკითხი მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, ხოლო მოქმედ პირთაგან, არც ერთნი არიან შეწუხებულნი ადამიანთა უფლებებით და არც მეორენი ჩვენი ერის ღირსებით. ორივე მხარე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მყოფი თავიანთი პატრონების და დამფინანსებლების საამებლად მოქმედებს,”- წერს გოგლა ჟვანია.