გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილებმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს – “საკათედრო ტაძარში გამოსვენების ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო თავისი სიმღერებით. გიორგი კვინიტაძე აქ სიმშვიდეში განისვენებს“

გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილებმა, მარიამ დაბომ და მერაბ ოდიშელიძემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს.

-„ვიცოდი, რომ გრანდიოზული ცერემონია იქნებოდა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. შთამბეჭდავი იყო ყველა ელემენტი: – სიტყვით გამოსვლები, სამხედროები. სამების საკათედრო ტაძარში გამოსვენების ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო თავისი სიმღერებით. გიორგი კვინიტაძე აქ სიმშვიდეში განისვენებს. ქართველი ერისთვის ეს შთამაგონებელი იქნება, რადგან ის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1918-1921 წლებში. ეს მისთვის ახდენილი ოცნებაა“, – განაცხადა მარიამ დაბომ.

-„პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ყველაფერს განსაკუთრებული ორგანიზება გაუკეთა. რა თქმა უნდა, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი გამორჩეული იქნებოდა ეს დღე. ვულოცავ და გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს“, – განაცხადა მერაბ ოდიშელიძემ.

გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

მთაწმინდის პანთეონში ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები