გერმანიის ქალაქ შტუტგარტის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა გერმანელ ქალს

გერმანიის ქალაქ შტუტგარტის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა 32 წლის გერმანელ ქალს. იგი გამოძიებამ დამნაშავედ სცნო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში.

კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებული ქალი იდენტიფიცირებულია მხოლოდ როგორც საბინე ულრიკე ს. იგი სირიაში იმყოფებოდა 2013-2017 წლებში.

ბრალდების თანახმად, სირიაში ჩასვლიდან მალევე გერმანელი ქალი ცოლად გაჰყვა ისლამისტ ექსტრემისტს, რომელთან ერთადაც იგი ცხოვრობდა დაჯგუფების მიერ მიტაცებულ სახლში და გაიარა სროლაში ვარჯიშის კურსი.

მისი ქმარი ბრძოლაში მოკლეს 2016 წელს. პროკურორების თქმით, საბინე ულრიკე ს. აქვეყნებდა ბლოგებს, რომელშიც სხვების გადაბირების მიზნით, ხოტბას ასხამდა „ისლამურ სახელმწიფოს“.

გერმანელი ქალი, რომელიც ქურთმა სამხედროებმა 2017 წელს შეიპყრეს, 2018 წლის აპრილში დააბრუნეს გერმანიაში. სასამართლოზე საბინე ულრიკე ს.-მ განაცხადა, რომ მან უარი თქვა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაზე.

 

 

კომენტარები