გია ვოლსკი – პირველად ვხედავ ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან, მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა – საქართველოს

ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტებმა ისაუბრონ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნების რა გზა და რა რესურსი არსებობს, მათი ძალები გადასროლილია, რომ რუსული კვალი მოძებნონ და როგორღაც მთავარი თემიდან საკითხი გადაიტანონ სულ სხვა რაკურსში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ნათელი გახდა, რომ ყველაფერი სუფთად არ არის, უფლება არავის აქვს, მათ შორის არც პროკურატურას, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით საკითხის განხილვა და შესწავლა გადადონ, მით უმეტეს, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა. გარდა ამისა, პირველად ვხედავ ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა – საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო თავის თავს და საკუთარ ინტერესებს უნდა იცავდეს და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა. იმის გამო ვწუხვარ, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა, მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ, რაც სამწუხარო ამბავია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, დავით გარეჯის საქმეში არანაირი რუსული კვალი არ არსებობს.

„რასაკვირველია, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და არა რომელიმე პოლიტიკოსის პოზიციას. იმის ნაცვლად, რომ ოპონენტებმა ისაუბრონ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნების რა გზა და რესურსი არსებობს, მათი ძალები გადასროლილია იქითკენ, რომ როგორღაც, რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან საკითხი გადაიტანონ სხვა რაკურსში განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რუსული კვალი არ არის. აქ არანაირი რუსული კვალი არ არსებობს, არსებობს საქართველოს ინტერესი და ამ ინტერესის მიმართ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, უბედურება მოხდა, როცა ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და სულ ცოტა ხანში იმ კანონის გაუქმება მოხდა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას კისრულობს. ეს არის ფაქტი და ამას მე არ უნდა ვპასუხობდე, იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე უნდა პასუხობდეს და ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები