გია ვოლსკი – „სერგეი ლავროვი იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას ახმოვანებს, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი და მისაღებია“

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკაშირებით უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა:
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას ახმოვანებს, რაც რუსეთისთვის ამ დროისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და მისაღებია“.
„ჩვენ ჩვენი გეგმები და პოლიტიკა გვაქვს. ეს პოლიტიკა განპირობებულია ამოცანით, რასაც სტაბილურობისა და განვითარების პროცესის შენარჩუნება ჰქვია. ამ პოლიტიკაში იგულისხმება ჩვენი ინტენსიური სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და ის ფორმატი მოლაპარაკებების, რაც რუსეთთან გაგვაჩნია ეკონომიკურ და ზოგიერთ სოციალურ საკითხთან დაკავშირებით. ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.მან რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს სტატუსქვო, რომელიც გაგვაჩნია. არც ამერიკას და არც ევროპას არ აქვთ ინტერესად ის, რომ აქ შეიქმნას ახალი ცხელი წერტილი და დაპირისპირების ის ხარისხი იყოს, რაც რეგიონალურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ლავროვი იმ განცხადებებს აკეთებს, რაც რუსეთისთვის არის მისაღები. რუსეთი რას გეგმავს, რას ახორციელებს, როგორ მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, რა მიზნით და რა სტრატეგიული ამოცანები აქვს, ეს სულ სხვა საკითხია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

კომენტარები