გია ვოლსკი – 20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი არ არის, კარასინს აქვს ინტერესი, დუმის დეპუტატებს მოახსენოს, რომ ამ თემას ჯერ კიდევ არ ტოვებს უყურადღებოდ

„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციონერების განცხადებები სპეკულაციურია.

„ამ შემთხვევაში, ოპოზიცია რაზე საუბრობს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ინტენსიურად ღებულობდა მონაწილეობას იმ პროცესის ჩაშლაში, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უძღვება, რამაც პრინციპში გამოიწვია მოლაპარაკებების ფორმატების ჩაშლა და შემდეგ რუსეთს შეექმნა წინაპირობები და მისთვის სასარგებლო ვითარება შეუქმნეს ოკუპაციისთვის, რასაც დღესაც მნიშვნელოვნად განვიცდით. ასე, რომ სპეკულაციაა ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ოპოზიციისაგან. რეალობაში, ლოგიკურადაც რომ დავუფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ქართულ მხარეს საუბარი და საკუთარი თავის დადანაშაულება, ისედაც რთულ ვითარებაში? რაც შეეხება რუსეთს, მათ აწყობს ასეთი განცხადება, თითქოს იქ საუბარი იყო ქართველ ნაციონალისტებზე, რომლებიც არ არსებობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„როგორც ატყობთ, კარასინს აქვს ინტერესი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისათვის პირობები შექმნას, რომ ეს სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე და ამ შემთხვევას ის არც ამ მოლაპარაკებების შემდეგ გაუშვებდა ხელიდან. კარასინის განცხადება თითქოსდა შეთანხმებული ქმედებასავით წარმოჩინდა და იმ წუთში, მათ სასარგებლოდ იყო პოლიტიკური ძალების აღზევება, რომლებიც სწორედაც სერიოზული დამნაშავეები არიან იმაში, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ეს შეთამაშებული ქმედებები სწორედაც სხვა რამეზე მიუთითებს და არა იმ კომენტარებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისგან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები