გია სულაქველიძე: ჩვენ კიბოსგან განკურნების ნოვაციური მეთოდების ეპოქაში ვცხოვრობთ!

რა კავშირშია ფსიქოთერაპია ონკოლოგიასთან და რა უახლესი მეთოდები გაჩნდა მსოფლიოში, სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ? შესაძლებელია თუ არა მათი საქართველოში დანერგვა? გვესაუბრება ცნობილი ფსიქოთერაპევტი,ალტერნატიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი გია სულაქველიძე:

– მსოფლიოში უკანასკნელ ათწლეულში თვალსაჩინოდ გამოიკვეთა, რომ სიმსივნური დაავადება სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს და მისგან განკურნება არცთუ ძნელია. აქცენტები კეთდება ფსიქოთერაპიაზე, როგორც დამხმარე დარგზე, რამეთუ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორგანიზმში სიმსივნის გავრცელების პერსპექტივა და სისწრაფე. ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნება სენის საწყის ეტაპებზე უკვე აღარავის უკვირს, თუმცა შორს წასული შემთხვევების დროს, როდესაც ქირურგიული ჩარევა და შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ხდება საჭირო, პაციენტი საკუთარი თავის წინაშე დათრგუნული, მარტოდმარტო რჩება. იგი განცდებშია, ნერვიულობს, მომავლის ეშინია და ასეთი დაძაბულობის, ნერვიულობის ფონზე სიმსივნე საუკეთესო მომენტს პოულობს ორგანიზმში გასავრცელებლად. აი, სწორედ ამ დროს არის განსაკუთრებით აუცილებელი ფსიქოთერაპევტის ჩარევა.

– ბატონო გია, რა კავშირშია ფსიქოთერაპია ონკოლოგიასთან?

– დავიწყოთ იმით, რომ სიმსივნის აღმოცენების და გავრცელების ვერსიათა შორის უაღრესად მნიშვნელოვანია სტრესული თეორია. თანამედროვე მსოფლიოში სიმსივნური დაავადებების რაოდენობა სწორედ სტრესული ფაქტორების ზრდის შესაბამისად მატულობს. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო იჟღინთება სტრესებით. ადამიანები ისტრესებიან არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გავლენით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რაც რიგ შემთხვევებში, მართულ პროცესადაც შეიძლება განვიხილოთ. მოქალაქეები სტრესს ყოველდღიურად ღებულობენ მატერიალური გაჭირვების, უფულობის, სამსახურის არქონის, შვილების ბუნდოვანი მომავლის გამო. ამას ემატება ყოველდღიური უსიამოვნებები ურთიერთობებში, წყენები, უსამართლობის და დაუცველობის განცდა.. სიმსივნური დაავადების აღმოცენებისთვის ნოყიერი ნიადაგი სწორედ ამგვარად იქმნება.
ფსიქოთერაპია არის დარგი, რომლის მთავარი დანიშნულება სტრესთან ბრძოლაში, ადამიანის სტრესისგან განტვირთვაში მდგომარეობს. უკანასკნელ ათწლეულში ფსიქოთერაპია იმდენად აქტუალური გახდა ონკოავადმყოფების მკურნალობის პროცესში, რომ ახალი მიმართულება – ონკოფსიქოთერაპია – ჩამოყალიბდა! ონკოლოგია ფსიქოსომატურ დაავადებად განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა ორგანიზმში უჯრედულ, ანუ სომატურ დონეზე განაპირობებს ცვლილებებს. ეს სპაზმებით არის გამოვლენილი.

– მოდით, უფრო მარტივად ავუხსნათ მკითხველებს…

– წარმოიდგინეთ, რომ მაჯაზე გიჭერთ მარყუჟი. თავიდან ის მხოლოდ დისკომფორტს გიქმნით. შემდეგ, ნელ–ნელა აღმოაჩენთ, რომ ხელი დაგიბუჟდათ და მოძრაობის შესრულება უჭირს. მოჭერა თუ გაგრძელდება, გარკვეულ ზღვარზე ხელი ფუნქციის შესრულების უნარს სრულად დაკარგავს. ფსიქოსომატიკის არსიც ზუსტად ეს არის – თუ მარყუჟში სტრესულ ფაქტორს ვიგულისხმებთ, სწორედ ის უქმნის ორგანიზმს დისკომფორტს, შემდეგ კი უუნაროდ აქცევს და სიმსივნურ კერებს აჩენს.

ამ დროს მთავარი ამოცანა “მარყუჟის მოშვება”, ანუ სტრესული ფაქტორის განეიტრალებაა, რის შედეგადაც ორგანიზმის ნორმალური მუშაობა აღდგება! სწორედ ამიტომ, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, პოლიკლინიკებში არსებობს ფსიქოთერაპიის კაბინეტები, სადაც პაციენტები პირველ რიგში, სტრესს იხსნიან და შემდეგ იწყებენ სენის ქირურგიული თუ სხვა მეთოდებით მკურნალობას!

– როგორ ხდება პაციენტების სტრესისგან განტვირთვა?

– აქ, მთავარი ამოცანა ის არის, ფსიქოთერაპევტმა პაციენტი თავის პარტნიორად აქციოს, ნდობაში შემოიყვანოს. ამიტომ, თავიდან მიდგომა ვერბალური გზით, პაციენტისთვის საინტერესო სხვადასხვა სასიამოვნო თემაზე საუბრით იწყება. მე პაციენტთან გულწრფელ ურთიერთობას ვამყარებ. დრო, რომელსაც პაციენტთან ვატარებ, მისთვის სიმართლის დროა! შემდეგ, სხვა მეთოდებზე გადასვლა ხავერდოვნად ხდება. ჩემს მეგობრებთან ერთად, არტთერაპიის ახალი მიმართულება შევიმუშავე. ვიყენებ ნახატებს, რომლებსაც სპეციალური შეკვეთით მიხატავს ჩემი პარტნიორი, საფრანგეთის მოქალაქე, მხატვარი ლევან მოსიაშვილი. ასევე ვიყენებ მუსიკოთერაპიას რაშიც მეხმარება ოპერის მომღერალი, ზაზა ზაალიშვილი, რომელიც, ასევე შეკვეთით, პაციენტისთვის ქმნის შესაბამის მუსიკალურ კომპოზიციებს. ეს მეთოდი ჩემი ექსკლუზივია, რომელზე დაყრდნობითაც თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ვუქმნი სტრესის დაძლევის გარემოს.

– რაში მდგომარეობს მისი არსი?

– ყველა ფერს და მუსიკალურ ბგერას სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ზემოქმედების უნარი გააჩნია. მთავარია, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად, დიდი სიზუსტით შევურჩიოთ ფერები და ბგერები, რაც მის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს. თვალით და სმენის ორგანოებით აღქმულ ინფორმაციას ემატება ჩემს მიერ ვერბალურად მიწოდებული სასიამოვნო ინფორმაცია, რაც საერთო ჯამში ქმნის რელაქსაციის და სტრესის მოხსნისთვის საუკეთესო პირობას. ეს შრომატევადი სამუშაოა, თუმცა საკმაოდ დიდი ეფექტი ახლავს! ვაცხადებ,რომ მზად ვარ, ჩემი ექსკლუზიური მეთოდის დემონსტრაცია საჯაროდ მოვახდინო და საზოგადოება ამ მეთოდის შედეგიანობაში დავარწმუნო!

ჩემთან ხშირად მოდიან ნაოპერაციევი პაციენტები, რომლებმაც სიმსივნე ამოიკვეთეს, ქიმიოთერაპიის კურსიც გაიარეს.. მათ ექიმებმა აგრძნობინეს, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, უკვე გაუკეთეს და პაციენტი გაურკვეველი მომავლის, სიკვდილის შიშის წინაშე მარტო რჩება. ჩემი ექსკლუზიური მეთოდი ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებსაც კი ეხმარებათ – უხსნის სტრესს, შიშებს, განაწყობს იმედით, რის შედეგადაც ორგანიზმში იწყება სასწაულებრივი ცვლილებები, ავადმყოფობის ინერცია მუხრუჭდება და ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როცა განკურნება ფიქსირდება!

– ბატონო გია, ცნობილმა ექსტრასენსმა, ჯუნა დავითაშვილმა გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე, ჩემთან ინტერვიუში თქვენ საქართველოში თავის ექსკლუზიურ წარმომადგენლად მოგიხსენიათ. ვიცი, რომ გარდაცვალებამდე ის სიმსივნის პრობლემაზე მუშაობდა და თავისი მეთოდების საქართველოში დანერგვას აპირებდა. იგეგმება თუ არა მათი აქტივაცია ჩვენთან?

– ქალბატონმა ჯუნამ მართლაც შეიმუშავა სიმსივნურ კერაზე ზემოქმედების ორიგინალური მეთოდი. თუ მანამდე ექსტრასენსი ხელისგულიდან გამომავალი ბიოენერგიით ასხივებდა პათოლოგიურ კერას, ამ მეთოდის მიხედვით, ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების დასხივება ხდება სპეციალური, ე.წ. ონკონემსების საშუალებით, დაახლოებით იმგვარად, როგორც რენტგენული სხივებით…

ქალბატონი ჯუნას გარდაცვალებამ ამ მეთოდის დანერგვა საქართველოში შეაფერხა, ვიდრე მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. სხვათაშორის, არსებობს ამ მეთოდის მსგავსი სხვა საშუალება,რომელიც მთელს მსოფლიოში უკვე წარმატებით სარგებლობს.

– რა მეთოდზე საუბრობთ, ბატონო გია?

– ამ მეთოდს ადრონული თერაპია ეწოდება. რამდენადაც ვიცი, საქართველოში ამ მეთოდის დასანერგად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 500 მილიონი დოლარი გაიღო. მეთოდის არსი მდგომარეობს სწრაფად მოძრავი იონების ფოკუსირებასა და სიმსივნური უჯრედების დასხივებაში რის შედეგადაც უჯრედები აგრესიულ ბუნებას კარგავენ. არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ეს მეთოდი საქართველოში ქიმიოთერაპიის ერთგვარ ალტერნატივადაც იქცეს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

კომენტარები