გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: „ეს ერთი ამოცანა მიღწეულია. – შემდეგ უნდა შევაგუოთ ივანიშვილი“

-„შედეგი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, კარგი ცვლილებებია. ეს არ არის ის, რასაც ითხოვდა ქართული საზოგადოება, ანუ – სრულად პროპორციულს, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს.

ამით არ ამოწურულა ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა, 8 მარტის შეთანხმების მთლიანად შესრულება, ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. კომიკურია,  „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საკითხი დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე გვჭირდება შედარებით ნორმალური კამპანია, შემდეგ უნდა შევაგუოთ ივანიშვილი, ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით და მშვიდობიანი არჩევნების გზით, ის დაკარგავს ძალაუფლებას. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური „კლოუნები“ იზეიმებდნენ პროპორციული არჩევნების მიღებას და გამოაცხადებდნენ ოპოზიციაზე გამარჯვებად, შეიძლება ვიღაცას გაეცინა. სიცილს რომ თავი დავანებოთ, წინ გვაქვს სერიოზული ამოცანები. ეს ერთი ამოცანა მიღწეულია და უნდა მივაღწიოთ შემდეგ ამოცანებსაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.

117 ხმით საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. წინააღმდეგი იყო 3 დეპუტატი.  კენჭისყრაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, „ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – წერია კანონპროექტში

კომენტარები