გიგა ბუკია: „მე სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით. თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს“

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მიმართა:

„მე სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით. თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს.

2012 წელს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის საფუძველზე, „ქართული ოცნების” შემომწირველი 17 პირი უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის სამართალდამრღვევად ცნო და 1 202 000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა,  რომ ეს გადაწყვეტილება არა ზეწოლის შედეგად, არამედ შინაგანი რწმენის და კანონის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

გიგა ბუკიამ განაცხადა:

„როდესაც ბრალდება მტკიცებულებად აყენებდა საბანკო ამონაწერს, რომ პირმა თანხა გადარიცხა სხვაგან, ეს მიიღეთ როგორც უტყუარი მტკიცებულება. მხარემ როდესაც წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, რომ მას ჰქონდა ეს თანხა და ხუთჯერ მეტი, ვიდრე ბრალმდებელი ედავებოდა, თქვენ ეს მტკიცებულებად არ მიიღეთ. მოგელაძე მე ბრალად მიყენებდა, რომ თანხა გადავრიცხე… 35 000 გადავრიცხე, მოგიტანეთ დოკუმენტი, რომ 60 000 დოლარზე მეტი მქონდა საბანკო ანგარიშზე და დამაჯარიმეთ 177 000 ლარით დამაჯარიმეთ. რითი იხელმძღვანელეთ, ჩემი მტკიცებულება რატომ არ მიიღეთ მტკიცებულებად. 7 წუთი მქონდა იმ დროს, რომ არგუმენტი მეთქვა და თქვენ არ გზღუდავთ პასუხში”.

გიორგი მიქაუტაძის თქმით,  მისი დასაბუთება მითითებულია გადაწყვეტილებაში.

„არ არის მითითებული, თქვენ არ საუბრობთ, რომ საბანკო ამონაწერები განიხილეთ. საქალაქოს თავმჯდომარედ რომ დაინიშნეთ, მოვიდნენ ჩემთან ჟურნალისტები. არსად მიხსენებიხართ და არ მითქვამს, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხია, შიგნით რა ხდება.  თქვენ მოხვედით პარლამენტში და უკვე ჩვენგან ითხოვთ ხმას და მხარდაჭერას. მე არ ვითხოვდი თქვენგან მხარდაჭერას, თქვენგან უბრალოდ მარტივ რაღაცას ვითხოვდით, რომ თუნდაც პატარა ნათელი გამოჩენილიყო იმ რეჟიმის დროს. მე არც იმ დროს ვნანობ და ვთვლი, რომ სწორად გავაკეთე, რაც გავაკეთე, მიგეღოთ თქვენ სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, თქვენ შანსი ხელიდან გაუშვით, ბატონო გიორგი. მე  გული მწყდება, რადგან ვხედავ, ახალგაზრდა, მართლა ნიჭიერ ადამიანს. თქვენ რომ თავში გეხსენებინათ, რომ თუნდაც რაღაც გადაწყვეტილების დროს რაღაც ზეწოლას ვერ გაუძელით, ეს იქნებოდა ბევრად ღირსეული ნათქვამი და ჩემი მხრიდან შეიძლება, სხვანაირი შეფასებები ყოფილიყო და ეს კითხვები არ დამესვა. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს მეორეჯერ მიიღეთ იმ დროს, შანსი უკვე მეორეჯერ გაუშვით.

მადლობა მინდა მოვახსენო კომიტეტს, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა. არ გაგიკვირდეთ, რომ გარკვეულ მოსამართლეებთან არის ეს კითხვები და ამ დროს სასამართლოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენგან სრულ მხარდაჭერას, თანადგომას და მე ვხედავ უკვე, ამ პროცესში არიან მოსამართლეები, რომლებსაც მე თამამად დავუჭერ მხარს, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში მხარდაჭერას არ მიიღებთ“.

კომენტარები