გიგი უგულავა – „რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი – ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ღონისძიებას გამართვას“

„ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.

-„მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ოპოზიცია საერთო დეკლარაციას მოაწერს ხელს, რომელიც ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ცესკო-ს ახალ შემადგენლობას შეეხება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, – ამ გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინაარსი არის შემდეგი, – ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს ახალი სისტემით, ახალი შემადგენლობით დანიშვნა. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება. შესაბამისად, არ არის შეზღუდული პარტიები. მეორე დოკუმენტს ასევე ხელს მოაწერენ ის პარტიები, რომლებმაც ფორმალურად, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახეს ბარიერი. შესაბამისი უფლებამოსილი პირები ხელს მოაწერენ სიის ჩახსნის დოკუმენტს. მესამე და მთავარი დოკუმენტი არის ის, სადაც ყველა, ფორმალურად გასული, დაახლოებით 60 დეპუტატი ხელს მოაწერს, – არ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას, მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რომელიც კანონით არის დადგენილი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

 

კომენტარები