გივი მიქანაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს ინფორმაცია ხალხისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი, რათა მათ იცოდნენ, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს

ჩვენთვისაც კი ძალიან უცნაური იყო ასეთი რაოდენობის სადამკვირვებლო ორგანიზაციების გამოვლენა, რომელთა მმართველ რგოლშიც პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, პარტიული სიების წევრები ან მაჟორიტარობის კანდიდატები არიან წარმოდგენილები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც თეა წულუკიანმა გამართა, არის სწორედ ის პრევენციული მექანიზმი, რომლითაც ჩვენი გუნდი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას იმ გამჭვირვალე პროცესების თაობაზე, რომელიც საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ყოველდღიურად მიწოდებული. საარჩევნო პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს 31 ოქტომბერს უნდა შეეძლოს მშვიდობიან გარემოში, სამართლიანი პრინციპების დაცვით თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება, რამეთუ მათ მიერ გამოხატული გადაწყვეტილება რომელიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არ გააყალბოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ უცხოელ პარტნიორებთან, სისტემატურად ვაწვდით მათ ინფორმაციას მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ჩვენთვისაც კი ძალიან უცნაური იყო ასეთი რაოდენობის სადამკვირვებლო ორგანიზაციების გამოვლენა, რომელთა მმართველ რგოლშიც პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, პარტიული სიების წევრები ან მაჟორიტარობის კანდიდატები არიან წარმოდგენილები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი, რათა ხალხმა იცოდეს, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს, რამეთუ როდესაც ეს ორგანიზაციები თავს მოახვევენ პრეტენზიებს, საჩივრებსა და ანგარიშებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამან არ დააზიანოს საზოგადოების ნების გამოხატვის პროცესი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფები, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლები, დიპკორპუსის წარმომადგენლები იმ პროცესების თაობაზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგის დასრულებისთანავე ეს ინფორმაცია გავუგზავნეთ ყველა ჩვენს პარტნიორს. ხვალიდან მე და კახა კუჭავა ვგეგმავთ, შევხვდეთ დიპკორპუსისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს და უფრო დეტალურად გავაცნობთ ამ ინფორმაციას და გავცემთ პასუხს მათ ყველა კითხვას“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები